მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება

2017-04-21



სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარიხუანას მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე საქართველოს პარლამენტში დღეს მსჯელობენ. 

ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება აღარ მოხდება. ამასთან, კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრაც შეიცვლება. 

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.

მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამის ოდენობას შეადგენს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ლიბერალიზაცია იმიტომ ხდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მეორეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. 

"კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“ - განაცხადა ბარამიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, კანონში ცვლილება შედის და ახალი მუხლი ემატება. საუბარია 273-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაბიჯები გადადგმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა როგორც სერგო რატიანი ამბობს, ის არ არის საკმარისი ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის.