უნგრეთის პრემიერი: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) საფრთხე არ ემუქრება

2017-04-21



თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის პარალელურად, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია გაიმართა. 

„აუდიტორია 115“ და სხვა ორგანიზაციები უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის მიერ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დახურვას აპროტესტებდნენ.

როგორც მათ განაცხადეს, პრემიერის ეს გადაწყვეტილება არადემოკრატიული და დიქტატორული ნაბიჯია.

ამასთან, „ქორთიარდ მერიოტთან“ ანტილიბერალებმა და ანტისოროსელებმა კონტრაქცია გამართეს. 

ისინი უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი სოროსის მორიგი პროექტია, რომელიც „ეროვნულობის განადგურებას“ ემსახურება.

ადგილზე მათსა და ერთ-ერთი სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის მცირე, სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარება მალევე განმუხტეს.

შეხვედრაზე მისულ საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებს სტუდენტები შეძახილებით დახვდნენ, კონტრაქციის წარმომადგენლები კი, აპლოდისმენტებით.

თუმცა, როგორც ვიქტორ ორბანმა  გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) არავითარი საფრთხე არ ემუქრება  და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.