პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა

2017-04-21



საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ერთხმად დაამტკიცა.

აღნიშნულ კანონს დეპუტატებმა ერთხმად, 89 მომხრე არცერთის წინააღმდეგ, დაუჭირეს მხარი. კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. 

ახალი ცვლილებებით, მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი შემოდის. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო, ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს.

აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.

სავარაუდოდ, ცვლილებები ძალაში შემოდგომიდან შევა.