პარლამენტში მსჯელობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაიდო

2017-04-21



საქართველოს პარლამენტში  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მსჯელობა გადაიდო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ამიტომაც, საკანონმდებლო პაკეტს პლენარულ სესიაზე მას შემდეგ გაიტანენ, რაც კონსენსუსს მიაღწევენ.

„არასოდეს დამიმალავს ის, რაც სინამდვილეში ხდება. საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საერთო წესზე ვთანხმდებით, რომ ნარკოპოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს. მომხმარებლების მიმართ რამდენადაც ლიბერალურები უნდა ვიყოთ, იმდენად მკაცრები უნდა ვიყოთ გამსაღებლების მიმართ. კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი დაადგინა და მთავრობამ ნარკოპოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაფართოებული მიდგომა შემოგვთავაზა, ვცდილობთ, რომ საერთო კონსენსუსი ჩამოყალიბდეს და საკითხი სესიაზე ასე გავიტანოთ. ამიტომ გადაიდო. ვფიქრობთ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტის თანახმად ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება აღარ მოხდება. ამასთან, კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრაც შეიცვლება. 

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 140  გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.

მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად 70 გრამით განისაზღვრება, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 140 გრამს შეადგენს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ლიბერალიზაცია იმისთვის ხდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის და მეორეს მხრივ სხვა ნარკოტიკებისთვის ერთმანეთისგან გაიმიჯნოს. 

"კონკრეტულად მარიხუანასა და მცენარე კანაფისთვის დიდ ოდენობამდე არ იქნება გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და ასევე არ იქნება მცირე ოდენობაზე ადმინისტრაციული პატიმრობაც. ასევე ეხება მცირე ოდენობით მარიხუანას ან კანაფის კულტივაციას,“ - განაცხადა ბარამიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, კანონში ცვლილება შედის და ახალი მუხლი ემატება. საუბარია 273-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ცალკე განსაზღვრავს მარიხუანა-კანაფის მოხმარებისთვის გამოყენებულ შესაძლო ღონისძიებებს.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ნაბიჯები გადადგმულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა როგორც სერგო რატიანი ამბობს, ის არ არის საკმარისი ლიბერალური ნარკოპოლიტიკისთვის.