ბიჭების დედის 10 მცნება - შთაგონებული გოგოს მამის მანიფესტით

ავტორი: თინა ხიდაშელი

 

მე ბიჭების დედა ვარ და ჩემი პირადი მტერია ყველა ვინც ფიქრობს რომ ბიჭია და რა მოხდა, ეპატიება.

ეს ჩემი, ბიჭების დედის 10 მცნებაა, მათაც ასე ვზრდი, მეც ასე გამზარდეს, და იმედი მაქვს ისინიც ასე გაზრდიან საკუთარ შვილებს:

  1. ბევრი მოგეთხოვებათ! იმაზე მეტი ვიდრე შეგიძლიათ ზიდოთ. ხშირად იფიქრებთ რომ უსამართლოა ცხოვრება, თქვენგან ბევრ და დიდ მსხვერპლს ითხოვს, რომ ეს არ დაგიმსახურებიათ და სხვა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზუსტად იმდენს მოითხოვენ თქვენგან რამდენსაც შესთავაზებთ მშობლებს, შვილებს, მეუღლეს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს. იმდენს მოგთხოვენ რამდენადაც გაიხსნებით და დაენახვებით. თავად ხართ საკუთარი თავის, ნების, ქმედების, პასუხისმგებლობის და ურთიერთობების უფალი!
  2. ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედნიერებას, არავის დაელოდოთ, არავინ/ვერავინ მოახდენს თქვენთვის სასწაულს! თავად ვახდენთ სასწაულს, თავად ვქმნით სასწაულს, არავის ველოდებით!
  3. ეძებეთ ბედნიერება. ცხოვრება არაფრად ღირს, თუნდაც ერთი წუთით თუ თმობთ ბედნიერებას. თავად აირიჩიეთ გზა რომლითაც ივლით, მისგან გადახვევაც თავად აირჩიეთ, გაჩერებაც თქვენი გადასაწყვეტია და მოძრაობა საპირისპირო მიმართულებითაც. ყველა გზა სწორია მანამ სანამ ის თქვენი არჩეულია! მხოლოდ ბედნიერების მაძიებელი ადამიანები ასხივებდნენ სიკეთეს, ახალისებენ გარემოს, აჯანსაღებენ სივრცეს. ბედნიერების მაძიებელი ადამიანი არ კლავს, არ ღალატობს, ომებს არ იწყებს ვინაიდან ბედნიერება მხოლოდ სიცოცხლით ტკბობით, ერთგულებით და ერთმანეთისკენ მისასავლელი გზების მუდმივი ძიებით მოიპოვება. თუ თქვენ არ იქნებით ბედნიერი ვერავის აჩუქებთ ბედნიერებას. გახსოვდეთ, თუ თავად იტანჯებით ამას ხვდებიან ისინიც ვინც გიყვართ და ვისი ბედნირებისათვისაც გგონიათ რომ თმობთ საკუთარ ბედნიერებას, თქვენ ფრთები გაქვთ შეკვეცილი, თქვენი ყოველი გამოხედვა მათ ტკივილს აყენებს, მათთვის მოგონილი თქვენი ღიმილი ყალბია და ამას ხვდებიან. სწორედ საყვარელი ადამიანების ბედნიერებისთვის შეუჩერებლად იბრძოლეთ საკუთარი ბედნიერებისთვის.
  4. ბედნიერება თავისუფლებაშია. არჩევანის, მოქმედების, გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებაა ბედნიერება. მარწუხებისგან, სხვების მიერ შექმნილი სტერეოტიპებისა და კლიშეებისგან თავისუფალი ცხოვრება განიჭებთ ბედნიერებას და შესაბამისად სრულყოფილებას. ყველას მოუსმინეთ, ერთი წუთით შეჩერდით, მუდამ იფიქრეთ და გარემო შეიგრძენით, მაგრამ გადაწყვეტილებები თავად მიიღეთ, არა ისე რას იფიქრებენ სხვები, როგორ შეაფასებენ სხვები, არამედ ისე როგორ იქნებით ბედნიერი. თავისუფალი, ბედნიერების მაძიებელი ადამიანები სხვის ცხოვრებას არ განიკითხავენ ვინაიდან მუდმივად უკეთესის ძიებაში არიან, მეტი თავისუფლების, მეტი არჩევანის შექმნისთვის იღწვიან. სხვისთვისაც ამ დაუსრულებელი ძიების მაგალითს ქმნიან.
  5. ყოველი დღე იცხოვრე როგორც უკანასკნელი! ამისთვის კი გადაწყვეტილების მიღება უნდა ვისწავლოთ პირველი დღეებიდან. იფიქრე რომ ხვალე აღარ იქნება, შესაბამისად დღეს უნდა გააკეთო ის რასაც ჩვეულებრივ ალბათ ხვალისთვის გადადებდი. თავად უნდა გადავწყვიტოთ პატარა და დიდი ამბები, პატარა და დიდი შედეგებით დღეს. თუ გაგვიმართლა, ხვალ ახალი დღე გათენდება და კიდევ უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მეტს გავახალისებთ, მეტ ადამიანს გავათბობთ. მაგრამ მთავარია ვიცხოვროთ დღეს!
  6. შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შევძლოთ. თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი ცხოვრების და ქმედების სრულფასოვანი ბატონ-პატრონები უნდა გავხდეთ. ადამიანად ვერ შედგები თუკი პასუხისმგებლობას გაერიდებით, თუკი შედეგებით შეშინებული ქმედებას მოერიდებით. სხვის მხარზე ჩამოყრდნობილს ეს მხარი აუცილებლად გამოგეცლებათ, თუკი თავადაც მუდამ არ შეეშველეთ სხვებს, თუკი თავად საყრდებად არ იქეცით.
  7. შეცდომების არ შეგეშინდეთ! შეცდომები მნიშვნელოვანია, საჭიროც კია მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ბედნიერებისთვის. თქვენ თქვენი შეცდომებით უნდა იაროთ, ჩვენი შეცდომები არ გამოგადგებათ, მხოლოდ დაგეხმარებათ გზის გაკვალვაში. ვერ დაგიცავთ შეცდომებისგან, არ დაგიცავთ. ტკივილი თავად უნდა შეიგრძნოთ, გაითავისოთ, ტკივილთან გამკლავება უნდა ისწავლოთ, მასთან პირისპირ დარჩენა, მისი მორევა, დამარცხება. ტკივილი აუცილებელია, მის გარეშე სიხარულს ვერ ისწავლით, ვერ შეიგრძნობთ, ვერ გაიგებთ.
  8. ერთგულება ეძებეთ, ერთგულება ისწავლეთ. ერთგულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია ამ ქვეყნად. ნუ მოატყუებთ, ნუ დაიმალებით, ნუ უღალატებთ. ზაფხულს ზამთარი ანაცვლებს, ნისლი და სიცივე ანაცვლებს სითბოს, ეს ნორმალურია, მთავარია არ მოატყუოთ, არ უღალატოთ. მძიმე, მწარე სიმართლე ყოველთვის საუკეთესო, პრინციპში ერთდერთი არჩევანია. ღალატი ყველაზე დიდი სისუსტეა, ყველაზე დიდი მარცხი, უკადრებელი. თუ უღალატებ შემდეგ ადვილად მოკლავ კიდეც. თუ უღალატებ ბოროტება აჯობებს შენში სიკეთეს, სიკვდილი სიცოცხლეს, ცრემლი სიცილს. ღალატი უპატიებელია.
  9. პატივისცემა ეძებეთ მუდამ. ყველაზე ძვირფასი ნათქვამი სიტყვაა, გაცემული დაპირება, მიცემული იმედი, და ამ სიტყვის, დაპირების, იმედის ერთგულება და პატივისცემა. არავინ, არასდროს მოგექცევათ პატივისცემით თუკი თავად არ სცემთ პატივს საკუთარ სატყვას, თავად არ უერთგულებთ მას, ბოლომე არ დაიხარჯებით! განსხვავებულის პატივისცემა, მოსმენა, დაფასება ისწავლეთ ვინაიდან მშვენიერი სწორედ განსხვავებულთა ერთობაა. ყველა თანასწორია, ყველა ერთნაირად ვიბადებით და ერთნაირად მივდივართ. თუკი ბედნიერება თავისუფლებაშია, მაშინ სწორედ დაბადებისა და გარდაცვალების ერთიანობას შორის გაკეთებული განსხვავებული არჩევანის თავისუფლება დავაფასოთ ერთმანეთში, პატივი ვცეთ სხვის არჩევანს, ნუ ჩავერევით, თუ შეცდომად ვუთვლით რამეს, მათაც მივცეთ საკუთარი შეცდომებით ცხოვრების უფლება და ჩვენც ასე მოგვექცევიან. მაშინ უფრო მეტ სიკეთეს დავინახავთ, მეტ სიმშვენიერეს აღმოვაჩენთ, მეტი განვითარების შესაძლებლობას შევმქნით, უკეთეს გარემოს დავუტოვებთ იმათ ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, ჩვენს შვილებს.
  10. მე მხოლოდ ის შემიძლია რჩევა მოგცე თუ მკითხავ, გვერდში დაგიდგე თუ დამიძახებ, მხარი შემოგაშველო თუ საყრდენი დაგჭირდა, ჩემი შეცდომები მოგიყვე გასაზიარებლად, საკუთარი ბედნიერებისთვის ვიბრძოლო რომ თავისუფლების, ბედნიერებისთვის ბრძოლის, ერთგულების გარემოში გაიზარდო. კეთილის და ბოროტის გარჩევა ისწავლო, გაგათამამო რომ საკუთარი სიტყვის თქმა შეძლო, არასოდეს დაითრგუნო, არ დაპატარავდე. მამას და მე გვიყურო და ორის ერთიანობა შეიგრძნო, ისწავლო რომ პატივისცემა არის უალტერნატივო, მარადიული. სიყვარული მნიშვნელოვანია, საჭირო დასაწყისია, მაგრამ პატივისცემა ადუღაბებს და ქმნის ჰარმონიას, ბედნიერებას, ერთიანობას.

ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ამოსავალი. ასე ვზრდი ჩემს ბიჭებს, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. ასე მზრდიდნენ მეც.