"სანამ დროა აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თქვით უარი მიშიზმზე ეკონომიკაში"

2017-05-10



მოძრაობა "კონსტიტუცია თანასწორობისთვის– არა Liberty Act-ს"  სოციალურ ქსელ Facebook-ში 9 მაისს, ტყიბულის მაღაროში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, 4 მაღაროელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საკონსტიტუციო კომისიას ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდებს. 

განცხადებას "პირველი ნიუს საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"გუშინ, ტყიბულის შახტაში, რომელიც ბიზნესმენ ბეჟუაშვილს ეკუთვნის, მუშაობისას დაიღუპა 4 უდანაშაულო ადამიანი, 4 მეშახტე, რომელიც საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა საყოველთაო დასვენების დღეს, 9 მაისს.

ყველას, ვისაც ეს უბედური შემთხვევა ან გამონაკლისი ჰგონია, უტიფრად ტყუის. სიკვდილი ნორმად იქცა სამუშაოს შესრულებისას. ეს არის მდუმარე გენოციდი ჩვენი მოქალაქეებისა, პატიოსანი, მშრომელი ადამიანებისა, რომელსაც საქართველოში ფესვგადგმული ეკონომიკური რეჟიმი ახორციელებს.

ძალაუფლებას დღეს არ ფლობს ხალხი, არ ფლობს პარლამენტი, ხელისუფლება; ძალაუფლებას არ ფლობს პრეზიდენტი. დღეს ძალაუფლება კერძო საკუთრების, ბიზნესისა და ინვესტორის ხელშია. მათი მოქმედების ერთადერთი ლოგიკა - ფულია, მათი ერთადერთი ინტერესი - მოგებაა.

ბენდუქიძის ოცნება მხოლოდ და მხოლოდ ფრთებს ისხამს. საბოლოოდ შევდექით როგორც კაპიტალისტური უტოპია, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი მუშებით, დეინდუსტრიალიზებული და გაღარებებული საზოგადოებით, და უპრინციპო სამთავრობო კლასით, რომელსაც ის ელემენტარული უნარიც კი არ გამოუმჟღავნებია, რომ კონსტიტუციაში შრომის საბაზისო სტანდარტების ასახვაზე დაიკავოს პრინციპული პოზიცია და თავიდან აიცილოს ასეთი ტრაგედიები.

ჩვენი კამპანია კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბიზნეს ელიტების ბრძანებების შესრულება. ისინი ბიზნეს ასოციაციებს არ აურჩევიათ, ისინი აირჩიეს პატიოსანმა მშრომელებმა და უმუშევრებმა, რომლებსაც უკეთესი ქვეყნის იმედი ჰქონდათ.

ინვესტორები იცვლებიან, ხოლო ადამიანთა გაჭირვება, უმუშევრობა, სიკვდილიანობა და დასახიჩრება სამუშაო ადგილებზე უცვლელ მოცემულობად რჩება.

მოვუწოდებთ საკონსტიტუციო კომისიას, მიიღოს ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება და გააუქმოს ქვეყნის ძირითადი კანონიდან ჩანაწერი, რომელიც მთელი ამ ლოგიკის მყარი სამართლებრივი ზურგია.

მოგიწოდებთ ასობით სამუშაო ადგილზე დაღუპული, დასახიჩრებული თუ გაუბედურებული ადამიანების, მათი ოჯახების სახელით, სანამ დროა აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, სანამ დროა, იზრუნეთ ცვლილებებზე, თქვით უარი მიშიზმზე ეკონომიკაში, მიშიზმზე პოლიტიკაში, მიშიზმზე კონსტიტუციაში და დაუბრუნეთ სახელმწიფოს მისი როლი, იდგეს საკუთარი მოქალაქეების და არა ერთი მცირე, ბანდიტური ჯგუფის სამსახურში",– ნათქვამია განცხადებაში.