ზურაბ პატარაძე ხიჭაურში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად ხიჭაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმყოფებოდა, რომელიც რეგიონს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს.

ხელმძღვანელმა პირებმა მშენებარე ბაღი დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე სოფელ ხიჭაურს საბავშვო ბაღი არ ჰქონდა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის ახალ სასწავლო წელს გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში 2 სართულიანი შენობა აშენდება. მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერილები, სამზარეულო, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ეზო. ხიჭაურის ბაგა-ბაღი 50-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება, დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 219 870 ლარი დაიხარჯება. 2012 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 5 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებდა. 2017 წლის ბოლოსთვის 11 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გვექნება.

დამატებით დასაქმდება 150-ზე მეტი ადგილობრივი. 2012 წლიდან დღემდე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე სულ 1 340 452 ლარი დაიხარჯა.

(NS)