მარშანია: რუსეთთან ვიზების უფრო სერიოზული ლიბერალიზაცია უნდა იყოს

2017-07-13



პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამყარების შემდეგ, საქართველოში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობები არ ყოფილა, - ამის შესახებ ადა მარშანიამ ისაუბრა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის განცხადებით, რუსეთთან ვიზალიბერალიზაცია უნდა მოხდეს.

„ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ განაცხადა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ჰუმანიზაციას ითხოვს. ეს კანონი უფრო პრობლემებს გვიქმნის, ვიდრე პრობლემებს წყვეტს. უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის თავისუფალი და მაქსიმალური მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე  თქვენ იცით, რა მძიმე მდგომარეობაა გალის რაიონში.

კერძოდ, ქართულ სკოლებში, სადაც ქართული ენის სწავლა იკრძალება და უკვე ფარულად ქართული ენა ისწავლება. სახელმძღვანელოების გადაცემის კუთხითაც პრობლემებია და ეს პრობლემაც დავაფიქსირეთ, რასაც სრული გაგებით შეხვდნენ და ამ თემაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამასთან, პოზიცია დავაფიქსირეთ სავიზო საკითხზეც. ვიზების უფრო სერიოზული ლიბერალიზაცია უნდა იყოს და ამ საკითხზე გვითხრეს, რომ უახლოეს მომავალში, ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმი მოხსნილი იქნება.

იცით, რომ ეკიპაჟები რუსეთ-საქართველოს შორის ვერ დაფრინავენ და მათაც ვიზა სჭირდებათ.. ლიბერალიზაცია იქნება. ჩვენ შენგენის ზონის ანალოგი შევთავაზეთ - თუ ადამიანი ავიაბილეთს და სასტუმროს ჯავშანს წარმოადგენს, მას რუსეთში ვიზა ავტომატურად მისცენ. პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამყარების შემდეგ, საქართველოში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობები არ ყოფილა, გნებავთ, ოფიციალური და გინდათ, არაოფიციალური. მოსკოვში ჩვენს ვიზიტზე საუბარი ორშაბათს იქნება და ჩვენი მოლაპარაკების სტენოგრამას დაგირიგებთ.

ჰუმანიტარულ საკითხები იყო დასმული, რომელიც დადებითად მიიღეს. სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ალბათ, სექტემბრიდან იმუშავებენ. რა საკითხებია, ეს? - 25 წლის განმავლობაში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ჩვენი მოსახლეობა გამოდევნილია. იქ ვერ შედიან და საფლავებზე ვერ გადიან. ამ საკითხს აბსოლუტური გაგებით მოეკიდნენ და შექმნილი სამუშაო ჯგუფი იქნება, რომელიც ამ საკითხს გაივლიან, მაგრამ ამ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი“, - განაცხადა მარშანიამ.