ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება გაეროში საქართველოს წარმომადგენლის ვიზიტს ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროში საქართველოს წარმომადგენლის ვიზიტს ეხმაურება და ქართულ მხარეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  ქართული მხარე იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმას და აგრძელებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ყალბი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას. 

„როგორც ცნობილი გახდა, 2017 წლის 12 ივლისს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამწუხაროდ, ქართული მხარე იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმას და აგრძელებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ყალბი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელებას. საქართველო იყენებს დასავლელი პარტნიორების პატრონაჟს და აფერხებს საერთაშორისო ინსტიტუციებში აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას. ამგვარად, შეიქმნა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვით საერთაშორისო საზოგადოება ეყრდნობა საქართველოს მიერ გავრცელებულ მიკერძოებულ ინფორმაციას, რასაც ქართული მხარე აფხაზეთის ირგვლივ არასასურველი იმიჯის შესაქმნელად იყენებს.

აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმია (IPRM).

შესაბამისად, ქართული მხარის მიერ, რეგულარული მოწოდება რაიმე დამატებითი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, სრული აბსურდია.

მეტიც, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ქართული მხარე აბსოლუტურად არ არის მზად, დაიწყოს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არსებული საშუალებებით  მოგვარება და რეგიონში შექმნას უსაფრთხოების პირობები.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს, ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2016 წლის ბოლოს, ევროკავშირის დახმარებით, განხორციელდა მისია, რომელიც მიზნად აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესწავლას  ისახავდა. ცნობილი ევროპელი დიპლომატის და ადამიანის უფლებათა დამცველის თომას ჰამარბერგის საბოლოო დასკვნა ცხადყოფს აფხაზეთში, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, პოზიტიურ დინამიკას.

ამდენად, ქართველი პოლიტიკოსების ბრალდებები, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული დარღვევები მიმდინარეობს, მხოლოდ პოლიტიზირებული და პოპულისტურია“, - ნათქვამია განცხადებაში.