დოლიძე ე.წ ქართველთა მარშის მონაწილეების მუქარაზე: ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება

2017-07-17



თათია დოლიძე მის მიმართ facebook-ზე ე.წ ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება.

დოლიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას აღნიშნულ საკითხს ნუ მისცემენ პოლიტიკურ ელფერს. მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

"მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი.

პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის", - წერს დოლიძე.