ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი პროცესი ხვალ გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ხვალ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე სკაიპის მეშვეობით დაიკითხება პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი.

პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.