ჯარჯი წიკლაური ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს

ე.წ.  ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ადრე თუ გვიან მამა გიორგი მამალაძეს სიმართლის თქმა მოუწევს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

„არაერთი ვერსიის გადამოწმება გრძელდება, რა დადგინდება და გამოიკვეთება საბოლოოდ გვაჩვენებს გამოძიების მსვლელობა. კვლავ ვინარჩუნებთ იმედს, რომ ადრე თუ გვიან ბრალდებულს სიმართლის თქმა მოუწევს, მოუწევს თანამშრომლობა არა ისე თვალთმაქცური, როგორც აქამდე აკეთებდა, არამედ  რეალურად სიმართლის თქმა მოუწევს და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა“,-აღნიშნა პროკურორმა.

კითხვაზე შესაძლოა  თუ არა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ თუ კი საკმარისი მტკიცებულებები შეიკრიბება საქმეში სხვა პირთა პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს.

„ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და სხვა პირთა პასუხისმგებლობა არ დგას, რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით“,-აღნიშნა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დისტანციური გზით პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დაკითხა.

ის ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება.

სოსო ოხანაშვილი იყო როგორც ბრალდების ასევე დაცვის მხარის  დასაკითხ მოწმეთა სიაში, თუმცა მისი დაკითხვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასცვის მხარემ უზრუნველყო.

პროკურორების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ არაერთხელ სცადა ოხანაშვილთან დაკავშირება, თუმცა მათივე განმარტებით ოხანაშვილის ოჯახის  წევრებმა განუმარტეს, რომ ის არ აპირებდა სასამართლოზე ჩვენების მიცემას.