რელიგიური და სექსუალური ნიშნით ეგვიპტიდან დევნილი საქართველომ არ შეიფარა

ეგვიპტის მოქალაქემ, რომელიც თავის ქვეყანაში რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იდევნება, საქართველოსგან თავშესაფრის მიღებაზე უარი მიიღო.

ვაგდია ელკორაეიმ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს ა.წ. იანვარში მიმართა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ვაგდი ისლამიდან ქრისტიანობაზე ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნის დროს გადავიდა. ამასთან, იგი არის გეი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნებისას მას 3 წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრება. კერძოდ, სამშობლოში მას ბრალი წაუყენეს თავაშვებულობის, სახელმწიფო წეს-ჩვეულებათა და ტრადიციათა დარღვევის გამო.

ლტოლვილთა სამინისტროს უარში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადასტურებულია, რომ ვაგდია ელკორაე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. კერძოდ, მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

მიუხედავად ამისა, ლტოლვილთა სამინისტრო უარს აცხადებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. მოცემული განმარტებით, არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ელკორაეის საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა. გაუგებარია, თუ რას ეფუძნება სამინისტროს ვარაუდი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ვაგდია ელკორაეის საქართველოში ყოფნა ქვეყნის ინტერესებს. „თანასწორობის მოძრაობის“ სამართლებრივი დახმარებით, ლტოლვილთა სამინისტროს უარი ვაგდიმ ელკორაეიმ სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

"თანასწორობის მოძრაობა" უფასო იურიდიული დახმარების პროგრამას ახორციელებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.