მიშა და საზღვარი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.

სააკაშვილმა საზღვარი პოლონეთიდან, "შეგინის" სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გადაკვეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ასობით მხარდამჭერის დახმარებით შევიდა. მას თან მეუღლე და უმცროსი ვაჟი ახლდნენ.

სააკაშვილის თანამოაზრეებმა საზღვარზე არსებული კორდონი გაარღვიეს და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგ სააკაშვილი ქალაქ ლვოვში გაემგზავრა. იქ მესამე პრეზიდენტს მხარდამჭერების კიდევ ერთი ტალღა დახვდა, რომლებიც : "მიხაილო, მიხაილოს!" სკანდირებდნენ.

ცნობისთვის, მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტიდან გეგმავდა, თუმცა შემდგომ მან მარშრუტი შეცვალა. სააკაშვილთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო და სხვა დეპუტატები იყვნენ.

სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის დროს, უკრაინის ეროვნული გვარდიის რამდენიმე მებრძოლმა სხეულის დაზიანება მიიღო. 

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე უცნობმა პირებმა ჩხუბი მოაწყვეს ეროვნული პოლიციის თანამშრომლებთან და მესაზღვრეებთან და ხელი შეუწყვეს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერ გარღვევას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. სააკაშვილის თქმით, ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრებს. ამასთან, მისივე მტკიცებით, მას უკრაინაში ბინადრობის უფლება, მოქალაქეობის არქონის მიუხედავად მაინც აქვს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ეკსტრადირება განხორციელდეს, რადგან საქართველომ უკრაინას შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.