იუნკერი: თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ინფორმაციით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხი უახლოეს მომავალში არ განიხილება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც იუნკერმა აღნიშნა, სამომავლოდ ევროკავშირში 27-ზე მეტი სახელმწიფო იქნება.

"კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დროს მთავარი პრიორიტეტი კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები იქნება. ეს უახლოეს მომავალში თურქეთის წევრობას გამორიცხავს. თურქეთი ნახტომისებურად შორდება ევროკავშირს და ცდილობს ყველა ხიდები დაწვას, თუმცა ევროპა კარს ღიად ტოვებს თურქი ხალხისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა საერთო ფასეულებების საფუძველზე“, -  განმარტა ჟან-კლოდ იუნკერმა.

იუნკერმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ევროპელების ფაშისტებთან და ნაცისტებთან შედარება შეწყვიტოს. ამასთან, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დევნა გააკრიტიკა და დაკავებული ევროპელი ჟურნალისტების გათავისუფლება მოითხოვა. 

„მივმართავ თურქეთის ხელისუფლებას - გაათავისუფლეთ ჩვენი ჟურნალისტები და არა მხოლოდ ჩვენი. შეწყვიტეთ ჩვენი ხელმძღვანელების შეურაცხყოფა, მათი ფაშისტებად და ნაცისტებად მოხსენიება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.