კობახიძე: პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნის გამო გახდა შეუძლებელი

„პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის შეუძლებელი გახდა კონკრეტული გარემოებების გამო და მთავარი გარემოება იყო, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის იმ პირობებშიც კი თუ ჩვენ 2020 წელს გადავიდოდით პროპორციულ საარჩევნო  სისტემაზე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლა ასეთი კონტრ პროდუქტიული დამოკიდებულების გამო გახდა შეუძლებელი და ამის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმაც იცოდნენ.

„ასეთი კონტრ პროდუქტიული დამოკიდებულების პირობებში, ბუნებრივია შეუძლებელი გახდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და ამის შესახებ თავადაც იცოდნენ ოპოზიციურმა პარტიებმა.

დღეს, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ეს მიზანი არის მიღწეული. მართალია 2020 წელს ჩატარდება შერეული წესით არჩევნები, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში ამოქმედდება სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც 2020 წლის შემდეგ არჩევნები უკვე ჩატარდება სრულად  პროპორციული სისტემით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არის დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს.

„ეს არის დოკუმენტი თავისი ძალიან დახვეწილი საპარლამენტო  სისტემით, საარჩევნო სისტემით, ყველა რეგულაციით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ძალიან გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და უზრუნველყოფს ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბების პრევენციას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი კონსტიტუცია იძლევა ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, განსხვავებით ახალი კონსტიტუციისგან, რომელიც ამას თავიდან ბოლომდე გამორიცხავს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.