საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი იწყება

უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლითაც საქართველო პრაქტიკულად ევროპის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყება.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ახალი ამბავი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა. ეს ასევე არის უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან და ადასტურებს ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდ ინტერესსა და საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. რა თქმა უნდა, ამ დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება; ასევე - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა და ა.შ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რომ ჩვენ მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგის დაწყება შეაფასეს მინისტრებმაც.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, აღნიშნული დიალოგის დაწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის  მიმართულებით, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი  ნაბიჯია.

„დღეს იწყება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი და კონსულტაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ჩვენ ამგვარი მოთხოვნა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საქართველო- ევროკავშირის საბჭოზე დავაყენეთ და შევთავაზეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს კონკრეტული მიმართულებები, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველო-რუსეთის კონფლიქტში კიდევ უფრო აქტიური ჩართვა და კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობა ჩვენი ევროპელი კოლეგებისა. საქართველო არის ძალიან სერიოზული კონტრიბუტორი როგორც ევროპული, ასევე საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ფარგლებში. საქართველო არის წარმოდგენილი არა მხოლოდ ავღანეთში, ნატო-ს ოპერაციაში, არამედ ასრულებს თავის როლს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის  ე.წ.  SDP-ის ფარგლებში, მოგეხსენებათ ცენტრალურ აფრიკაში  და მალიში.  მზად ვართ, ამგვარი თანამშრომლობა გავაგრძელოთ მომავალშიც. საქართველო რომ არის ევროკავშირის ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორი საგარეო და ასევე გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სფეროში, ამას ადასტურებს ევროკავშირის დოკუმენტი მათი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ, ვფიქრობ, ეს არის  ერთგვარი ორმხრივი  სწრაფვა, რათა ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად გაღრმავდეს“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით,  საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის  შესახებ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, მინისტრი საუბრობს, რა საკითხები იქნება ქართული მხარის მხრიდან გამოკვეთილი:

„ბუნებრივია, კონსულტაციების პირობებში გამოიკვეთება ის კონკრეტიკა და მეტი დეტალები საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ წარვმართავთ მომავალ თანამშრომლობას. ჯერჯერობით ვართ სწორედ კონსულტაციებისა და დიალოგის ეტაპზე, თუმცა ვიცით, კონკრეტულად რა გვინდა და ის წინადადებები, რომელიც გაწერილი იყო ჩვენი მხრიდან, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად,  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ის თანამედროვე საფრთხეები, რომელიც ძალიან აწუხებს დღეს როგორც ევროპას, ისე ევროატლანტიკურ სივრცეს, ბუნებრივია, ამ საქმეში უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს უკვე შეაქვს თავისი რეალური კონტრიბუცია და წვლილი და  თუკი ავიღებთ პროცენტულ მაჩვენებელს, იგივე მოსახლეობიდან გამომდინარე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც  მოქმედებს როგორც ნატო და ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ავღანეთში. ასევე ვართ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი  ქვეყანა უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროში, რომელიც უკვე ვართ ე.წ. SDP-ის ოპერაციაში ჩართული და ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. მზად ვართ, გავაფართოვოთ ამგვარი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებით, იმ კონკრეტული სფეროებით, რომელიც ადრე  უკვე შეთავაზებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ევროპის უსაფრთხოების  არქიტექტურაში მნიშვნელოვანი როლი უკავია და თანამშრომლობს  ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრეფიკინგი, რადიკალიზაცია, ექსტრიმიზმი, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა.

ჯანელიძის შეფასებით, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყება ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

"მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორი. ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვიკავებთ ზოგადად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტრეფიკინგი, რადიკალიზაცია, ექსტრიმიზმი, ორგანიზებული დანაშაული, თუ სხვა. ასევე საქართველო ჩართულია ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში, საკუთარი წვლილი შეაქვს როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ეს დიალოგი არის ძალიან დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დიალოგი უზრუნველყოფს უსაფრთხოების საკითხებში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ევროკავშირთან და შესაბამისად, მივესალმებით ამ ძალიან მნიშვნელოვან ახალ და გაღრმავებულ ფორმატს. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი შეეხება ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართულებით. უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის ინსტრუმენტებს ამ მიმართულებით, როგორიცაა სპეციალური წარმომადგენელი, სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში, ასევე ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამშვიდობო პროცესში. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში", - აღნიშნა მინისტრმა.