რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ევროკავშირში საჭიროებას ვერ ვხედავთ

თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება არ სჭირდება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზადაა გაწევრიანების შესახებ ევროგაერთიანებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტოს

"ევროკავშირი გვაიძულებს, რომ ველოდოთ. ჩვენ ვითმენთ. თუ გულწრფელები ხართ (ევროკავშირი), მაშინ გააკეთეთ განცხადება, მოდით ეს დავასრულოთ. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება. თქვენში საჭიროებას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, 1963 წელს თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. 1987 წელს გაერთიანებაში წევრობის მოთხოვნა გაგზავნა. თუმცა, ევროგაერთიანებაში შესვლის მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მოლაპარაკებები პერიოდულად წყდებოდა. გასული წლის მარტში ბრიუსელმა მოლაპარაკებები განაახლა, იმ პირობით თუ თურქეთი ევროპაში მიგრანტების ნაკადის შემცირებას შეუწყობდა ხელს. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2016 წლის 15 ივლისს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ევროკავშირმა ანკარა ადამიანის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა.