მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანია მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

„ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს, რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე. მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).

ამასთან, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას ამ დრომდე სწავლობს.

„ამ ეტაპისთვის არსებული დასკვნით, იკვეთება უსაფრთხოების წესების დარღვევის ნიშნები.

შახტაში სამთო მასის ჩამოშლა მოკვლევის განხორციელებისასაც მოხდა,  რის გამოც ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ჯგუფის მიერ  კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების შეჩერების რეკომენდაცია გაიცა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.