თუ რამე მოხდება იცოდეთ მიზეზი - ლგბტ აქტივისტს დევნიან და მოკვლით ემუქრებიან

კობა ბიწაძე ლგბტ აქტივისტი წერილს აქვეყნებს, სადაც მის დევნაზე საუბრობს. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"24 ივლისს "ასავალ დასავალში" გამოქვეყნდა ღია წერილი "მთავრობა საზაფხულო ბანაკებში ჩვენს შვილებს მამათმავლებს უგზავნის". სტატიას გიორგი გიგაური წერდა. ეს ის სამარცხვინო "ჟურნალისტია", რომელიც Guram Kashia-ს ნაკრებიდან გარიცხვას ითხოვდა და ვის სტატიასაც მოჰყვა დიდი ხმაური. ამ ღია წერილში დაბეჭდილი იყო ჩემი ფოტო, რომელიც 19 ივლისს არის გადაღებული "ქალთა სოლიდარობის მარშის" დროს. ეს აქცია მანამდე ჩატარებული "ქართველთა მარშის" კონტრ აქცია იყო. ფოტოში ხელში მეჭირა პოსტერი, რომელიც "ქალთა სოლიდარობის მარშის" დროს მქონდა. პოსტერზე უნიქორნი იყო გამოსახული და ეწერა - "NO Racism - ქვიარ მარში". სტატიაში ასევე დაბეჭდილი იყო ჩემი ერთ-ერთი ფეისბუქ სტატუსი, რომელიც ასახავდა ჩემს ემოციებს კახეთის ახალგაზრდულ ბანაკში ჩატარებული ტრენინგის შესახებ. ბანაკში მიწვეული ვიყავი ტრენერად და ჩავატარე 1 საათიანი ტრენინგი აივ/შიდსის შესახებ. სტატიაში კი ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან იყო დაკავაშირებული და მე მოხსენიებული ვიყავი როგორც "ქართული ოცნების" მიერ აღსაზრდელად მიშვებული სატანისტი პიდარასტი". ღია წერილის ადრესატი იყო პრემიერი, განათლების მინისტრი და სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი. სტატიის ბოლოს კი იყო მოწოდება პრემიერის მიმართ, რომ გარკვეულიყო სიტუაციაში და გაეცხადებინა, რომ "საზაფხულო ბანაკებში არცერთ გეისა თუ ლესბოსელს აღარ მიასუნინებდა", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ეს ძალიან ცუდად დასრულდებოდა".
სტატიის გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ულტრანაციონალისტურ ფეისბუქ გვერდებზე გამოჩნდა ეს ფოტო და ჩემი სტატუსის სქრინი სადაც სწორედ იმ ახალგაზრდულ ბანაკზე იყო მოთხრობილი. პოსტებზე მაგინებდნენ და მაყენებდნენ შეურაცხყოფას. მოგვიანებით ამ სქრინებს მიემატა ჩემი კომენტარი, რომელიც გრიგოლ გეგელიას პოსტს ეხებოდა და ახალი სალანძღავი პოსტები დაიდო. გეგელიამ ლგბტ აქტივისტები გააკრიტიკა ბაგრატის ტაძრის წინ ლგბტ დროშით გადაღებული ფოტოს გამო. ამ ფოტოზე მეორე აქტივისტს ეჭირა პოსტერი წარწერით - "ჩვენ თქვენს შორის ვართ". გეგელიას პოსტმა გამაღიზიანა, დავიცავი აქტივისტები, ვთქვი, რომ პრობლემა სწორედ ეკლესიის ინსტიტუციური ჰომოფობიაა და ვიგულისხმე რომ ამ ეკლესიის ეზოში სექსითაც კავდებიან და დროშით ფოტოს გადაღება არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. მოგვიანებით ამაზე ბლოგიც დავწერე: http://stereotipi.blogspot.com/2017/05/blog-post.html
აღნიშნული სქრინების გავრცელების შემდეგ მივიღე სიძულვილის შემცველი შეტყობინებები, მათ შორის მუქარებიც. ხშირი იყო ჩემს გვერდზე შემოვარდნა და ჩემს პოსტებზე სიძულვილის შემცველი კომენტარების დაწერაც, რის გამოც იძულებული გავხდი ყველა პოსტი საჯაროდან მხოლოდ მეგობრებისთვის მისაწვდომი გამეხადა.
აგვისტოს ბოლოს "ასავალ დასავალმა" გამოაქვეყნა სტატია - "ჯეჯელავა, ამ საქმეს ან გადაჰყევი, ანდა ხობის #2 სკოლის დირექტორი და პედაგოგები გადააყოლე!". ამ სტატიაში საუბარი იყო ხობის სკოლის ბავშვების მიერ გადაღებულ კლიპზე, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული და სოლიდარობას გამოხატავდა სხვადასხვა უმცირესობების მიმართ. სტატიის ავტორმა ჩათვალა, რომ ეს "ლგბტ იდეების პროპაგანდა" იყო. გამოქვეყნებული იყო ბავშვების ფოტოები. ამ სტატიას 19 ივლისს გადაღებული ჩემი ფოტოც ერთვოდა მინაწერით: "ანტიდისკრიმინაციული კანონის ძალით პედერასტ კობა ბიწაძეს უფლება აქვს პედაგოგად იმუშაოს". ცალსახად იკითხებოდა, რომ მე ბავშვების "გამრყვნელი" ვიყავი. განვმარტავ, რომ ეს კლიპი ფეისბუქში გავრცელების შემდეგ ვნახე და ამ ბავშვებს არც კი ვიცნობ.
25 ოქტომბერს, ჩემი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show-ში გამოჩენის შემდეგ ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა მორიგი კამპანია წამოიწყეს ჩემს წინააღმდეგ. ეს სქრინები კვლავ გამოაქვეყნეს და უფრო დიდი ინტენსივობით აზიარებენ. ამაზრზენი კომენტარები იწერება დღემდე ამ სქრინებზე. კვლავ მომდის სიძულვილის ენის შემცველი შეტყობინებები. მემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანებითაც და მკვლელობითაც.
ერთ-ერთი აქტიური ჩემს კიბერ ბულინგში ბაკურ სვანიძე აღმოჩნდა, რომელმაც ჯერ ფეისბუქის პოსტებით დაიწყო კამპანია, შემდეგ კი ტყუილებით გაბერილი სტატია დაწერა და მე კაშიასთან დამაკავშირა. კაშიას განცხადებაზე, სადაც ის განმარტავდა, რომ არ ნანობდა თავის საქციელს, მიაწერა - " ხვდებით, სად წამოგვეწია “ბაგრატის ეზოში ნატ…ბი” მასწავლებლების აღზრდილი თაობის დამახინჯებული მსოფლმხედველობა?". მის ერთ-ერთ პოსტში კი ახალგაზრდა გოგოსაც აგინა ჩემი სოლიდარობის გამო.
პოლიციას ჯერ კიდევ პირველი კამპანიის აგორების შემდეგ მივმართე, თუმცა დღემდე არ დაწყებულა გამოძიება.
განვმარტავ, რომ მე პედაგოგად არ ვმუშაობ და არც არასდროს მიმუშავია. ჩემი პირველადი პროფესია ფსიქოლოგიაა, მეორადი - ინკლუზიური განათლება და მაქვს ბაკალავრის ხარისხი ამ მიმართულებებით. ასევე, მაქვს ტრენერობის 7 წლიანი გამოცდილება და ვერსად ვერავინ ამიკრძალავს ტრენერად ან თუნდაც პედაგოგად მუშაობას თუ ამის სურვილი მაქვს და ვაკმაყოფილებ შესაბამის მოთხოვნებს!
პ.ს. მეგობრებო, თავს არ ვგრძნობ დაცულად და თუ რაიმე მოხდება, იცოდეთ მიზეზი.