ინგლისის ეკლესიამ სკოლებს გენდერული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა - „უნდა ჰქონდეთ საშუალება იდენტობის სხვადასხვა მანტია მოირგონ“

ანგლიკანურმა ეკლესიამ თავისი სკოლებისთვის სარეკომენდაციო წერილი გამოსცა, რომელშიც მასწავლებლებსა და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბავშვებს გენდერული სტეროტიპების იარლიყები არ აჰკიდონ, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეკლესიის ხელმძღვანელობა მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ჰომოფობიის, ბიფობიის და ტრანსფობიის დაგმობას ურჩევს. ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ბაღსა და დაწყებით კლასებში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება "იდენტობის სხვადასხვა მანტია მოირგონ".  

"სხვადასხვა ღონისძიებებზე ბიჭებს შეეძლებათ ჩაიცვან ბალეტის კაბები, პრინცესების დიადება გაიკეთონ თავზე ან მაღალი ქუსლებით მივიდნენ, ხოლო გოგოები სმოკინგს მოირგებენ. ახალი წესები სკოლებში ქრისტიანული სიყვარულისა და ბედნიერების გზავნილია, რომელიც მათ ბავშვებს ჰუმანიზმს გაუღვივებს", - განაცხადა ინგლისის ეკლესიის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ.

როგორც ეკლესიაში განმარტავენ, მათი მიზანია, რომ სკოლის მოსწავლეებს "დაბალი თვითშეფასება არ ჰქონდეთ, საკუთარი შესაძლო ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო".