კახი კალაძე საკუთარ გუნდს დასამტკიცებლად საკრებულოს დღეს წარუდგენს

თბილისის მერი კახა კალაძე  დედაქალაქის ახალი მთავრობის წევრებს საკრებულოში დასამტკიცებლად დღეს წარადგენს.

ახალ მერს 5 მოადგილე ეყოლება. ვიცე-მერის პოსტზე კალაძემ ირაკლი ხმალაძე დაასახელა,  ხოლო მოადგილეებად: მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი. მეხუთე მოადგილე ილია ელოშვილი იქნება, თუმცა მისი წარდგენა მოგვიანებით მოხდება, რადგან ამ დროისთვის ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებს. მას შემდეგ კი, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება, ელოშვილი მუშაობას მერიაში გააგრძელებს.

რაც შეეხება რაიონების გამგებლებს, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძეა, ვაკის რაიონი - ნოდარ ტურძელაძე, ჩუღურეთის რაიონი - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის რაიონი - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე, გლდანი - ბექა მიქაუტაძე, კრწანისი - ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა - დავით კირკიტაძე, ისანი - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონი - დავით კერესელიძე.

კალაძემ მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებიც წარადგინა: თბილისის მერიის ადმინისტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე უხელმძღვანელებს; იურიდიულ საქალაქო სამსახურს - სერგო ბირკაძე; საფინანსო საქალაქო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე; ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი; ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს - გელა ჩივიაშვილი; კულტურის საქალაქო სამსახურს - სოფიო ხუნწარია; განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს - ირაკლი გვილავა; ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს - მამუკა მუმლაძე; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი; შესყიდვების საქალაქო სამსახურს - გიორგი პაპავა; კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი; უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე; ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს - ანდრია ბასილაია.

უკვე ცნობილია, რომ თბილისის საკრებულოს სხდომა საკმაოდ ხმაურიანი იქნება, ვინაიდან ოპოზიცია კალაძის მიერ წარდგენილ გუნდს მხარს არ უჭერს.

როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ნიკოლზ ჭონქაძის, იგივე სულიკო კედელაშვილის დანიშვნას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ნუგზარ ჭონქაძე გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გუშინ კახი კალაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს და დედაქალაქის მერს ქალაქის მთავრობის სიიდან ჭონქაძის კანდიდატურის ამოღებისკენ მოუწოდეს. თუმცა, კახი კალაძე გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.