კალაძე: 12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, თბილისის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა.

კახა კალაძე აღნიშნულ ოჯახებს გაესაუბრა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაში დახმარებას დაჰპირდა.

მანვე ისნის რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს სთხოვა, სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს მაქსიმალური დახმარება გაეწიოს. 

„12-მა ოჯახმა მოგვმართა, რომლებიც დროებითი საცხოვრებელი ფართებით იქნებიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კორპუსის მდგრადობას, დაწყებულია მუშაობა და უახლოეს მომავალში, გვეცოდინება რა მდგომარეობაა. პრემიერის დავალებაა, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და შესაბამისად, უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით, სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. ჩატარდება ასევე, ინვენტარიზაციის სამუშაოები და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ვისაც რა დაუზიანდა, ყველაფერი აღდგენილი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ისნის რაიონის გამგებლის განცხადებით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება, თბილისის მერია დაზარალებული ოჯახების ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს.

„კორპუსში კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედებები ხვალ დასრულდება. ამ ეტაპზე, 12-მა ოჯახმა მოგვმართა, გუშინ კი, სამი მომართვა იყო. იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარ ბინებში ვერ ბრუნდებიან, ორი-სამი დღის შემდეგ, ფართებს ვუქირავებთ და  შერჩეულ ბინებში გადავიყვანთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც დროებითი საცხოვრებელი ფართის საჭიროება აქვს, შეუძლია მიმართონ ისნის გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29, 599 53 70 40; ასევე, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.