ტრაგედია ბათუმში - სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი, დაშავდა

ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" ხანძარი გუშინ დაახლოებით, 21:30 წუთზე გაჩნდა.

არსებული მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ირანის 1, ხოლო საქართველოს 10 მოქალაქეა.

გარდა ამისა, ინტოკსიკაციის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების შორის თურქეთის 5 და ისრაელის ერთი მოქალაქეა. ბათუმუს ორ კლინიკაში "მედცერსა" და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 8 პაციენტი რჩება. 13 პაციენტი, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა.

ამასთან, მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. 

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე გამოეხმაურა.

"შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ტრაგედიის ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყვნენ ჩასულები. შს მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტუდება, მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს.