ინციდენტი ხორავას ქუჩაზე - დაჭრილი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა

ხორავას  ქუჩაზე, თბილისის 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ბავშვებს შორის სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი, მათ ხორავას #4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორი მოზარდი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

უწყების ინფორმაციით,  დაჭრილთაგან ერთ-ერთი  საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა“,-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.