გახარია: მანდატურების სამსახურსა და შსს-ს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახური უნდა იყოს ეფექტური იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს არსებობს.

გახარიას თქმით,  მთავარი ამოცანა  მანდატურის სამსახურის ეფექტურობის ზრდაა და ეს მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემას ეხება.

"ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების ნდობის ზრდა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და მათი მთავარი ამოცანაა, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა. სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ, სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე, სანამ ეს მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და შესაძლებელ რესურს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყო",- განაცხადა გახარიამ. 

გახარიას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისის რამოდენიმე სკოლასთან საპატრულო პოლიცია პატრულირებდა.

თუმცა, გახარიას თქმით, მაშინ პატრულირების მიზანი დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირება იყო. ახლა კი, მისი განმარტებით, თემას უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამბობს, რომ მანდატურის სამსახურის  გაძლიერების შემდეგ, პოლიციის როლი შეიცვლება:

„სანამ ეს სამწუხარო  და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით  ადრე საპატრულო პოლიციში და შინაგან საქმეთა სამინისტროში  მივიღეთ გადაწყვეტილება და რამოდენიმე ეკიპაჟი რამოდენიმე სკოლასთან თბილისის, ეს იყო თუ არ მეშლება დაახლოებით 80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული იყო, დილის საათებში მძიმე ტრაფიკის დარეგულირების მიზნით. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ თემას. შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს ეფექტურობა მანდატურების სამსახურის და შემდეგ პატრულის როლი აქ შეიცვლება.გვესმის, როცა ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ვეთანხმებით,პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ, სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს კარგი სამუშაო კომუნიკაცია, აწყობილი  შესაბამის უწყებებთან შსს-ში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრი კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.

გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხი, უფრო ეფექტური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული უნდა იყოს:

"კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების ძირითადი ამოცანა ესაა”,-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. უბნის ინსპექტორები სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში არ ჩაერთვებიან.

გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს:

„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს  უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს  საჭიროებს სტრუქტურულ  რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამიტომ, იმ სახით, რა სახითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა  თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან სკოლაში წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.