სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა მსგავსი ტრაგედია ქვეყანაში აღარასოდეს განმეორდეს.

ჩხენკელის განმარტებით, პირველ რიგში საკითხი  სკოლებში უსაფრთხოებას ეხება:

„მინდა, კიდევ ერთხელ  მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასდროს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, შევხვდი შს  მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი,სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, მათ შორის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტრო იქნება წარმოდგენილი, კულტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციები,საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულნი,  რომ მოხდეს ჩამოყალიბება  სტრატეგიის, რათა მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს  განმეორდეს.პირველ რიგში საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას“,-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა

მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებში პროფესიონალი ფსიქოლოგები იმუშავებენ.

ჩხენკელის  თქმით, იმისათვის, რომ ყველა სკოლა მოიცვან, პროცესში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტებიც ჩაერთვებიან:

"მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვების ფსიქოლოგიით არიან დაკავებულები, ამ კუთხით აქვთ კვლევები, სამუშაო გამოცდილება და ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების, მათი მშობლების ინფორმირებულობის კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად, ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტები და დოქტორანტები. ვსაუბრობ საუკეთესო წარმომადგენლებზე. ისინი ჩაერთვევიან ამ მნიშვნელოვან პროცესში", - განაცხადა ჩხენკელმა.

ჩხენკელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება მოხდება.

მინისტრის განმარტებით, საპატრულო პოლიციასა და მანდატურებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდება:

“საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლებში ბრუნდებიან. უწყებათშორისი ჯგუფი უკვე შეიკრიბა, კონკრეტული დეტალები, როგორ მოხდება პატრულირება, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო და საქართველოს მასშტაბით გაკონტროლდეს. როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების, ამაზე მიდის მუშაობა", - განაცხადა ჩხენკელმა.

შეუწყდებათ თუ არა უფლებამოსილება 51- და 53- სკოლის დირექტორებს-  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხელ ჩხნეკელის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, დირექტორების პასუხისმგებლობის  საკითხი არ დგას:

"ველოდებით გამოძიების დასრულებას, გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს და შემდეგ, ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, ყველას მოეთხოვება პასუხი. კონკრეტულად დირექტორებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ დგას, რამეთუ გამოძიება დასრულებული არ არის", - განაცხადა ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.