პრემიერ-მინისტრი: შედეგები მეტყველებს, რომ რაღაც გამოგვრჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მოზარდი გარდაიცვალა.

 კვირიკაშვილის თქმით, გარკვეული ზომებია მისაღები, თუმცა არა მხოლოდ ხელისუფლების მრიდან.

 "მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ ტრაგედიას, რომელიც თბილისში დატრიალდა და რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველანი შეძრულები ვართ ამით, მაგრამ მთავარია ახლა გავაანალიზოთ ის ფონი, რაც არის შექმნილი, საზოგადოების დამოკიდებულება, თვითონ ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონი. ალბათ, გარკვეული ზომებია მისაღები და დამეთანხმებით, რომ ეს ზომები არ არის რომელიმე ერთი უწყების მხრიდან და თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მისაღები. ჩვენ გვჭირდება, რომ კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, რომ ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომელიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრაგედიის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ბევრ მიზეზზე ვისაუბროთ. ერთი რამ არის ცხადი- სახელმწიფო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაგრამ მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, უდნა გავიგოთ მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ, არამხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების, ოჯახების წინაშე დგას. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ ახალგზრდებთან საუბრით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები”,-აღნიშნა პრემიერმა.

მან განათლების მინისტრს სთხოვა, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გააქტიურონ საუბარი ახალგაზრდებთან. პრემიერის შეფასებით, ახლა მნიშვნელოვანია, გამოიძებნოს სწორი გზები, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.

„გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის, სამართალდამცავების კუთხით, რომ ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს.რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომელიც შეიძლება არასდროს განხორციელდეს. ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისთვის, რომ სკოლა, მისი ტერიტორია იყოს დაცული და იმისთვის, რომ მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვების გაშვება. იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან და მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ”,-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის აზრით, მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც საჭიროა.

„მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულის და მისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, მეტყველებს, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას და ჩვენ მოზრდილებს გვმართებს იმ აგრესიის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია",- განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.

 შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა.