ოფიციალური თბილისის პოზიცია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც  ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ეხება.

 საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდეს.

ოფიციალური თბილისი დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და გააგრძელებს კონსულტაციებს პარტნიორებთან:

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმისთაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათშორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.