ოქროს ფრთა 2017 - დაჯილდოვებული ჟურნალისტები

"პრაიმ თაიმი"

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ,,ოქროს ფრთამ“ რიგით მე-15 საიუბილეო დაჯილდოვების ცერემონია გამართა. 2017 წელს ,,ოქროს ფრთის“ ჟიურიმ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა.

„ოქროს ფრთა“ - ეს არის ჯილდო, რომელიც უკვე 15 წელია გადაეცემათ როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულნი არიან ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

,,ოქროს ფრთის“ ფონდი 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დაარსა. მე-7 წელია ფონდის პრეზიდენტი გახლავთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი თამარ ფხაკაძე.

,,ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ჩვენთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მთელი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს მხოლოდ ცუდად მოიხსენიებენ და დღეს არის ის დღე, როდესაც ჩვენ მათ ყველას ერთად ვეუბნებით მადლობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ეთერს, რომელმაც 15 წლის განმავლობაში შეძლო, რომ ეს ჯილდო ყველა ჩვენგანისთვის ყოფილიყო და იყოს ძალიან საპატიო. ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც ამ ჯილდოს მიიღებს, ვთვლით, რომ ჩვენ საქმეში რაღაც წარმატებას მივაღწიეთ. ეს არ არის ჯილდო მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, ეს არის ჯილდო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლიდან წლამდე, თავიანთი საქმიანობით ამახსოვრებენ თავს საზოგადოებას და ქმნიან მაღალი პროფესიული დონის პროდუქტს. ჩვენ ვეძებთ წარმატებულებს და ვპოულობთ კიდევაც. ასე რომ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და დაგვაფასეთ", - განაცხადა თამარ ფხაკაძემ.

2017 წლის საიუბილეო ,,ოქროს ფრთა“ სიურპრიზებითა და სიახლეებით იყო დატვირთული.  წელს ,,ოქროს ფრთა“ გადაეცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. პრიზი საპატრიარქო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ აიღო.

ლაშა ჟვანია, საპატრიარქო ფონდის ხელმძღვანელი : "დაახლოებით, 40 წუთის წინ მის უწმინდესობასთან გახლდით და ვთხოვე "ოქროს ფრთის" მმართველი გუნდისგან, მისი სახელით მცირე მიმართვა მეთქვა. მან ჩამაწერინა რამდენიმე წინადადება. თავიდან თქვა, რომ იქნებ სხვამ მიიღოს ეს ჯილდო, მაგრამ ავუხსენი, რომ ეს იყო ჟურნალისტების დიდი ნაწილის დიდი სურვილი და მან თავმდაბლობით მიიღო. უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე უზომოდ დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება, ვიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული, გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელს სიგანეზე "ერთსულოვნება". იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან  - ერთსულოვნებას. სამებაში ერთსულოვნებაა - ყოვლადწმინდა მამაში, ძეში და სულიწმინდაში. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს - ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავთ“.

საიუბილეო ოქროს ფრთაზე დაწესდა სპეციალური პრიზი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სახელწოდებით ,,ნუცა“. სტუდენტებს ნუცა მახვილაძის სახელობის პრიზი ჟურნალისტმა მაია ასათიანმა გადასცა.

"ძალიან ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემ შვილს ეხება. თქვენ მინდა ბავშვებო, ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი და ჩვენ ორნი ჩამოგვიყვანა თბილისში. მე ცოცხალი და ჩემი შვილი გარდაცვლილი. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ტრაპზე ფეხი დავდგი, დავინახე ზღვა ხალხი - მთელი ქართული მედია, ყველა ტელევიზია, ყველა რეჟისორი, ყველა ოპერატორი, ჟურნალისტი, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც არ ვმეგობრობდი, ვისთანაც მიმუშავია, ვისთანაც არ მიმუშავია. ღამის 4 საათზე ყველა იდგა მდუმარედ, ყველა იყო ჩემთან ერთად. თქვენ ამ დიდ ოჯახში შემოხვედით, რომლებმაც მე არ მომცეს სიკვდილის უფლება, არ მომცეს გასაქანი და ერთადერთი გზა დამიტოვეს - მეცოცხლა. ამ დიდ ოჯახს შეუძლია დიდი მეგობრობა, ეს არის ალბათ ერთადერთი პროფესიული გაერთიანება, რომელიც ძალიან სწორად და ზუსტად იცავს კოლეგიალობას. ჩვენ დიდი მეგობრობა და დიდი მტრობა ვიცით, რადგან შეგვიძლია გაერთიანება და არ ვაჩაგვრინებთ არასდროს არავის. ამიტომ გილოცავთ ამ დიდ ოჯახში შემობრძანებას და ასე გეტყვით: ეს რთული გზაა, ძალიან გრძელი გზაა და  ყოველთვის ამ გზაზე არის არჩევანი - მოიპოვო ექსკლუზივი, თუ დარჩე ადამიანად. ამ პრიზს "ოქროს ფრთა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ არჩევანს კარიერის განმავლობაში სწორად გააკეთებთ და ჩემთვის ეს ოქროს ფრთა ფრთებია საფრენად და არა კალამი საწერად, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, გაფრინდებით, თუ დარჩებით მიწაზე", - განაცხადა ასათიანმა.

სტუდენტები ,,ატლას გლობალის“ რჩეულებიც გახდნენ და მათ  კომპანიის დირექტორმა თამუნა თანდაშვილმა საჩუქრად გადასცა საგზური პარიზი.

დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა კახი კალაძემ და მან ,,ოქროს ფრთა“ სახალხო არტისტს გოგი ხარაბაძეს გადასცა.

ოქროს ფრთის ლაურეატებს ყოველწლიურად ჟიურის განახლებული შემადგენლობა არჩევს. წელს ნომინანტები 7-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია: ჟიურის თავმჯდომარე-  „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელი ზაზა შენგელია, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და ოქრის ფრთის პრეზიდენტი თამარ ფხაკაძე, ოქროს ფრთის ფონდის დამფუძნებელი ეთერ ჯიშკარიანი, ჟურნალისტი თამარ ცაგარეიშვილი, ტელეწამყვანი, გადაცემა „რეალური სივრცის“ ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია.

2017 წელს ოქროს ფრთა გადაეცა:

 

-         საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს - ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.

-         დამსახურებულ არტისტს გოგი ხარაბაძეს - ეპოქალური მნიშვნელობის პროექტებში მონაწილეობისთვის კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

-         ტელეჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს - ჟურნალისტური საქმიანობისთვის

-         რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს წლის ექსკლუზიური რეპორტაჟებისა და ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემებისთვის.

-         დამსახურებულ არტისტს, სცენარისტთა და მუსიკოსს ჯემალ ბაღაშვილს ქართული იუმორისა და სცენის ლეგენდის ნომინაციაში.

-         ,,საქმიანი დილის“ წამყვანს, ჟურნალ Forbes Georgia-ს რედაქტორს გიორგი ისაკაძეს ბიზსნესისა და ეკონომიკის პროფესიულ დონეზე გაშუქებისთვის.

-         გაზეთ ,,პრაიმტაიმის“ ჟურნალისტს მირიან ბოქოლიშვილის სამართლისა და კრიმინალის სფეროში ფაქტებისა და მოვლენების პრესაში პროფესიონალურად გაშუქებისთვის.

-         აშშ-ს ელჩს საქართველოში იან კელის საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისთვის.

-         ,,ობიექტივის“ დირექტორს ბონდო მძინარაშვილს აქტიური ჟურნალისტური საქმიანობისთვის

-         ,,იმედის დილის“ ეთერის პროდიუსერს სოფო ნიკოლაიშვილს ნომინაციაში ,,წლის პროდიუსინგი“.

-         მსახიობ დავით კვირცხალიას სამსახიობო საქმიანობისთვის.

-         ,,იბერიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს წლის განახლებული საინფორმაციო სამსახურისთვის.

-         იაპონიის საელჩოს ატაშეს იასუჰირო კოჯიმას იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის

-         საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-რედაქტორს ირინა დეკანოიძეს ყოველდღიური ინფორმაციის გაშუქებისთვის, საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებისთვის

-         პროექტს ,,ცოცხალი წიგნების“ ავტორს ქეთი დუმბაძეს ქართული მწერლობის პოპულარიზაციისთვის საქართველოში.

-         ნევროლოგ გოგიტა გეგელაშვილს ნევროლოგიის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

-         ჟურნალის გია გაბრიჭიძეს საინტერესო ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის.

-         მევიოლინე ლიანა ისაკაძეს

-         ჟურნალისტ მარიამ მაქაცარიას ამერიკაში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ღირსეულად გაშუქებისთვის

-          მეცნიერებათა დოქტორ ნათელა ღაღანიძეს საფრანგეთში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის ღირსეულად წარმოჩენისთვის.