ზუგდიდის ერთ-ერთ ბაღში აუტიზმის სპექტრის ბავშვები ზეიმზე არ დაუშვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მე-15 ბაღში აუტიზმის სპექტრის ბავშვები ზეიმზე არ დაუშვეს. ამის შესახებ, ერთ-ერთმა მშობელმა თეა ანჩაბაძემ  სოციალურ ქსელში  დაწერა.მისი თქმით,  ბაღში ზეიმზე მისი შვილი და სხვა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იმ მიზეზით არ დაუშვეს,  რომ  პედაგოგების განცხადებით, მათ ქცევას ვეღარ გააკონტროლებდნენ.

„დღეს ვარ აღშფოთებული და სრულიად კოლაფსირებული როგორც დედა... დღეს ჩემი 4 წლის გოგონა გახდა უვიცი, უზნეო და ბეცი "ვაი-პროფესიონალების" დისკრიმინაციის მსხვერპლი.... მას შეუზღუდეს გართობის, სიცოცხლით ტკბობის, სიამოვნების უფლება, თანატოლებთან ერთად ახალი წლის ზეიმზე მონაწილეობის/დასწრების უფლება, მას ჩაურაზეს ის კარები, რომლიც მიღმაც მისი ბავშვობაა, მისი მომავალია, მისი კეთილდღეობაა, ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა..... ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან.... (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე "ფერიას გვირგვინით") და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა.... გამგემ ჩაკეტაო.... და ბოლოს მოვალეობის მოხდის მიზნით გაუგებარი სქესის თოვლის პაპამ ნაჩქარევად "მოგვიგდო" საჩუქარი.... მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ.“– წერს თეა ანჩაბიძე.

ზუგდიდის მე-15 ბაღის ადმინისტრაციაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. 
ოქტომბერში ზუგდიდის მე– 15 საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა.