სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას  ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა.მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება.  საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  რამდენჯერმე მიმართა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების უკანონო შეწყალება ედება ბრალად.

სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის კიდევ სამ  საქმეშია ბრალდებული- 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)


 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე,  ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და  25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით  (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
 

 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).