ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის მზადაა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან,-ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ ეტაპზე უწყება პაციენტის წარმომადგენლის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას ელოდება. მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს პაციენტის გადაყვანა თურქეთში შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეს შემთხვევა კონტროლზე პირველივე წუთიდან ჰყავს აყვანილი. ამ დროისთვის, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში მიეწოდება“,-აღნიშნულია  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გერმანულმა კლინიკამ  ადგილის უქონლობის გამო მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს დოკუმენტაციას იმის შესახებ, თუ   რომელ ევროპულ საავადმყოფოებს გადაუგზავნა თემირლან მაჩალიკაშვილის მონაცემები და მოსთხოვა მიღება. ოჯახი ასევე ითხოვს კლინიკებიდან მიღებულ პასუხებსაც.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს გამთენიისას ახმეტის რაიონში და თბილისში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 4 პირი დააკავეს, ხოლო მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სუს-ის ინფორმაციით, ის ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ასევე, სუს-ის ცნობით, აღნიშნული პირები  დაკავშირებული არიან  ახმედ ჩატაევთან და მასთან ერთად მყოფი  დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.