პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ანა ნაცვლიშვილმა დაიკავა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ვაკანტური თანამდებობა ანა ნაცვლიშვილმა დაიკავა.

აღნიშნულ პოსტზე ის  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ  საპარლამენტო მდივანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მადლობა გადაუხადა, რომ შეთავაზებულ თანამდებობას დასთანხმდა.

„ქალბატონ ანას ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა მაინცდამაინც არ სჭირდება. იმიტომ რომ კარგად იცნობს ქართული საზოგადოება მის მოღვაწეობას როგორც იურისტის, როგორც ადამიანის უფლებათადამცველის. ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ მისი ხედვიდან გამომდინარე, მისი ერთგულებიდან, პრინციპების მიმართ, აგრეთვე მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან, მე შევთავაზე მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომელიც საპარლამენტო მდივნის საქმიანობას გულისხმობს. მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში. მე ვუსურვებ ანას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ დაგვთანხმდა ამ მიმართულებით გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.