მაჩალიკაშვილის დედა: განგებ მომიკლეს შვილი, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს დამნაშავეებს

"სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, თუ ცოცხალი დავრჩი. არაფრის  გულისთვის მომიკლეს შვილი“,-ამის შესახებ საავადმყოფოში სპეცრაზმელის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

როგორც მარგოშვილმა აღნიშნა, მისი შვილი თურქეთის კლინიკაში დღეს დილით უნდა გადაეყვანათ და ამის გამო, მოუკლეს.

"სათითაოდ მოვუღებ ბოლოს, თუ ცოცხალი დავრჩი. არაფრის  გულისთვის მომიკლეს. დღეს დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაჭრეს. ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირს განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. თუმცა დღეს დილით ის გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა. სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.