ყოფილი ცოლის და მისი მამის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ყოფილი ცოლის და მისი მამის ცემაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღკვეთის ღონისძიების სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 იანვარს გაიმართა. პროკურატურა გრიგოლ ბაკურაძისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

დეა გოშხეთელიანის თქმით, გრიგილ ბაკურაძესთან ქორწინებაში წელიწადისა და 10 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მასზე ხორციელდებოდა როგორც ფსიქოლოგიური და ეკონომიკური, ისე ფიზიკური ძალადობა.  

დეამ ამ თემაზე თავის ფეისბუქ გვერდზე ვრცლად ისაუბრა

„მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს. 2009 წელს ეს ადამიანი იყო დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ფეხმძიმობაშიც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე , ასევე მეორე ფეხმძიმობის დროსაც (სამწუხაროდ მეორე ბავშვი მომეშალა). იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, დასცინოდა და ლანძღავდა ყველა, ჩემს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს..".- წერს დეა

დაზარალებულის თქმით მან ბევრჯერ სცადა მოძალადე ქმრისგნ თავის დაღწევა, თუმცა უშედეგოდ. 

"რამდენჯერაც ვცადე ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა(გაქცევის მცდელობა მქონდა თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა მსგავსი ტექსტით: ”მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემს გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ (რა მოტივით არ ვიცი) ” და ასე შემდეგ.- განაცხადა მსხვერპლმა

დეამ მასზე ძალადობის არაერთი ფაქტი გაიხსენა, თუ როგორ უშედეგოდ ცდილობდა ფაქტების დაფიქსირებას. 

"იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე(მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოვე. ხოლო მამამთილმა როცა გაიგო რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავის ცოლს(ჩემს დედამთილს) ტელეფონში უყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა. 

საბოლოოდ, დაშორების დღეს , ჯერ გავარკვიე რომელ საათზე დაბრუნდებოდა სახლში, როცა დავრწმუნდი მისი საუბრიდან,რომ გვიან მოვიდოდა, ავედი სახლში, ჩუმად ჩავალაგე ბარგი, დავწერე წერილი .სახლიდან უნდა გავსულიყავი ,როდესაც ნათქვამ დროსთან შედარებით ძალიან ადრე მოვიდა და მომისწრო, მცემა, მახრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარები ჩამიკეტა, საბოლოოდ მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა , ვითომც არაფერი მომხდარიყოს სახლიდან წასვლა მთხოვა მშვიდად და წყნარად. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გავაკეთე, ვერ დავუმტკიცე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაწყოფას მაყენებს არნახული აფექტური სახით და ცდილობს ხელის დარტყმას თუმცა ვიდეოს დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს."- იხსენებს დეა.

მისივე თქმით, ზეწოლა დაშორების შემდეგაც გაგრძელდა. ერთხელ კი, გრიგოლ ბაკურაძემ მათი შვილი ბაღიდან სოფელში წაიყვანა, ისე, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"ერთი თვე ჰყავდა სოფელში, ერთი თვე ბავშვი არ მინახავს. მერე შევიტანე სარჩელი საქალაქო სასამართლოში და პროცესი დიდხანს რომ არ გაწელილიყო, დავასრულეთ მორიგებით. შესაბამისად, განგვესაზღვრა ნახვის დღეები. 3 იანვრის ძალადობის ფაქტის შემდეგ კი მივმართე სოციალურ მუშაკს, რადგან ბავშვზეც მოხდა ირიბი ძალადობა, როცა ის ხედავდა ძალადობას", - ამბობს დეა გოშხეთელიანი

მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პოლიციას უკვე მიმართეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.

იმის გამო, რომ ყოფილი ქმარი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა, დეა გოშხეთელიანი იძულებულია დაიმალოს, რათა მისგან თავი დაიცვას.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სადაც პროკურატურამ საქალაქოს გირაო გაასაჩივრა, სხდომის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.