მაჩალიკაშვილის დედა მისი შვილის გარდაცვალებაში სუს-ს ადანაშაულებს და სტრასბურგში ჩივილს აპირებს

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მარგოშვილი მისი შვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს.

"გამორთეს აპარატი და მომიკლეს შვილი. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწყობდათ ამოჟღლეტა. ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს და გომელაურს. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიტან. თუ ცოცხალი დავრჩი ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ", - განაცხადა მარგოშვილმა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში სავარაუდოდ, დღესვე გადაასვენებენ.