გიორგი კვირიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეცრაზმის მიერ მიყენებული ჭრილობისგან გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფომ და ექიმებმა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთეს:

„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დეროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. თუცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“,-აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ქისტ თანამემამულეებს პატივისცემა დაუდასტურა:

„მინდა, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნების განმავლობაში თავისი დამოკიდებულებით აარერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება და ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი, გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყველაფერი კეთდება:

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო არის პასუხისმგებელი საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსასმსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად“,-განაცხადა პრემიერმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.ჯანდაცვის სამინისტრო თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშილმა დაკავებისას ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რა დროსაც მისი მისამართით გასროლა განხორციელდა. მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი.