ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრლადებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეეფარდა-დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით,იდოიძის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მისი მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. დაცვის მხარემ იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტაცია გაიზიარა.ადვოკატ დავით მოდებაძის თქმით, გადაწყვეტილებას აპელაციის წესით  48 საათში გაასაჩივრებენ.

 რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მოხდა იდოიძის დაკავება, არც ბრალდების და არც დაცვის მხარე საქმის შინაარსობრივ ნაწილზე არ საუბრობს.მოხდა თუ არა იდოიძის დაკავება ასევე ტერორიზმის შელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე-იდოიძის საქმის პროკურორი ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ საქმეში მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო კამერის ჩანაწერები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები არსებობს.

იდოიძეს ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი,  რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. მანვე, გამოძიების ცნობით,  ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.