სტივენ სიგალი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში ისევ დაადანაშაულეს, - ამის შესახებ Wrap იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკელმა რეგინა სიმონსმა, რომელიც სიგალთამ ერთად ერთ-ერთ ფილმზე მუშაობდა, განაცხადა, რომ 20 წლის წინ სიგალი მას სექსუალურად ავიწროებდა და გააუპატიურა.

მედიის ცნობით, ამ ორმა ერთმანეთი 1994 წელს, ფილმ "სასიკვდილო საფრთხის" გადაღების დროს გაიცნო. ამ დროს სიმონსი 18 წლის იყო. როგორც ქალი ჰყვება, მსახიობმა ის წვეულებაზე დაპატიჟა, თუმცა ადგილზე მისულს აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სტუმარი იყო.

"მან ამიყვანა საკუთარ ოთახში, კარი ჩაკეტა და კოცნა დამიწყო. ამის შემდეგ კი, გამაუპატიურა", - აღნიშნა სიმონსმა.

აღსანიშნავია, რომ სტივენ სიგალს სიმონსის გარდა სექსუალურ შევიწროებაში 10-ზე მეტი ქალი ადანაშაულებს, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსახიობს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი..

დეკემბერში სიმონსმა სიგალზე განაცხადი ლოს-ანჯელესის პოლიციაში შეიტანა.