პატრიარქი მრევლს: დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს მიმართავს, ნაკურთხი წყალი წაიღონ სახლში და ასხურონ კარ-მიდამოს, სახლებს და  შვილებს:

„ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთ წყალს. ასხურეთ სახლები, თქვენი შვილები, კარ-მიდამო და სულიწმიდა დაისადგურებს თქვენთან“, - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც  მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანეს მადლი ენიჭება და იგი უხრწნელების თვისებებს იძენს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები, სახლები, იგი მაკურნებელი ძალისაა. ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში უზმოზე მცირეოდენს მიირთმევენ, განსაკუთრებით ავადმყოფობისა და განსაცდელის დროს.