მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელმაც მისი მხარდამჭერებიც კი გააოცა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფილმს იღებს და საიმიჯო ვიდეოში უკრაინის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას.

შესაბამისი ვიდეო ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ის საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

ერთ ნაწილში ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის ერთ-ერთი სანაპირო ახალი ანტალიაა და ის ანტალიაზეც უკეთესია.

"ეს უკრაინული ანტალიაა, ანტალია ასე იწყებოდა. აქ უფრო მაგარია, ვიდრე ანტალიაში. უბრალოდ, ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავიწყოთ. ის მხოლოდ საათ-ნახევრის მანძილზეა შესანიშნავი, გასაოცარი ოდესიდან. შეხედეთ - სივრცე და თავისუფლება. ეს სილამაზეა, ეს სასწაულია, ეს რაღაცაა, ხალხო", - აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში და სანაპიროზე წვება.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს კლიპის ბოლო  ნაწილი დამონტაჟებული ეგონათ, რის გამოც  გაღიზიანება ვერ დამალეს.