„ბახალას“ 8 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუზაღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ მიიღო. გიორგანაშვილი  სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

ამასთან, დააკავეს  „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი და მსახიობი თორნიკე ბზიავა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბექა წიქარიშვილმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს შენობის მინას აგური ესროლა და ჩაამსხვრია, თორნიკე ბზიავამ კი სასამართლოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნულის გამო, ისინი სასამართლოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა  დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შეძენა-შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს,  რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.