გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში  დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასული  წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის  განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. განაჩენის გამოცხადებას თავად მსჯავრდებული მამალაძე არ დასწრებია.

„საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა გ.მ.-მ განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შ.თ.-ს მკვლელობა. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შ.თ.-სთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ.მ.-მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ.თ.-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“-ს შემცველი ფხვნილი. 2017 წლის 10 თებერვალს გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი დაკავებულ იქნა სამართალდამცველების მიერ, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“.

გარდა აღნიშნულისა, გ.მ.-მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,WALTHER-PP“-ს მსგავსად კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი - 9x18 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი და საბრძოლო მასალა (ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილი, 9 მმ კალიბრის 6 ცალი ვაზნა). 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისში, ბათუმის ქ.№5-ში მდებარე გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა“,-აცხადებენ  მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან მოტივის ნაწილში  ბრალდების გადაკვალიფიცირებას ითხოვდა. კერძოდ, სახელმწიფო ბრალდებას სურდა, სასამართლოს მამა გიოერგი მამალაძე დამნაშავედ ეცნო არა შურსიძიების, არამედ ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

პროკურატურა სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში, დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს დაცვის მხარეც. ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიკერძოებულს  და არაობიექტურს უწოდებენ.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დანაშაული წაახალისა.

„დღეს მოსამართლემ წაახალისა დანაშაული,მან ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებებს მიანიშნა, ნებისმიერი სახის დანაშაული ჩაიდინეთ, ჩვენ კი აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული "გავაპრაოთო". შესაბამისად, ეს არის წახალისება მომავალი დანაშაულებისაც.ვინც ასეთ სცენარს დადგამს სხვა საქმეზეც და მას ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჩნდება ასეთი სცენარების დადგმის სურვილი,მას ექნება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ჩაუდებენ,ვისაც საქმეს შეუკერავენ და ვისაც ბრალს წუყენებენ, "გაპრავებული" იქნება",- განაცხადა  გიორგი ფანცულაიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ უზენაესი სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაცვის მხარე საქმის ევროპულ სასამართლოში წაღებას გეგმავს.

"საქართველოში განსხვავებული გადაწყვეტილების იმედი არავის აქვს. საქართველოში იქნება ერთი იმედი და ერთი გადაწყვეტილება. რასაც იტყვის ვინმე და ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან სჩვევიათ მოსამართლეებს და პროკურორებს გარკვეული პირების ხუშტურებზე ისეთი საქმეების გაკეთება, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს ყველანაირ იმედს. თუ ასე გავაგრძელებთ, არ გვექნება სახელმწიფო და ჩვენთან არ იარსებებს სამართლის უზენაესობა. ევროპულ სასამართლოში როცა მივალთ, იქ გამოჩნდება კიდევ ერთი შავი ფურცელი ჩვენი ე.წ. საქართველის მართლმსაჯულების",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი საქარათველოში მართლმსაჯულებას მკაცრად  აკრიტიკებს:

"შემდეგი გეგმა იქნება საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია. მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს  დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. ეს იყო გაგრძელება იმ შეკვეთის და იმ დავალების, რომელიც შეასრულა პროკურატურიდან დაწყებული პირველი ინსტანციის მოსამართლემაც ბესიკ ბუგიანიშვილმა. იგივე კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყევტილებას სააპელაციო სასამართლომ და ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის იფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბუნძირეა მართლმსაჯულების მხრივ.  ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს. სასამართლო არ არსებობს და არავის არ ჰქონდეს იმედი, რომ თუ პირადი ინტერესი არსებობს ვერასდროს ვერ მიაღწევს ადამიანი თავის სამართლიანობას. ეს არის ნიშანი ხელისუფლებიდან, მართლმსაჯულებიდან, პროკურატურიდან , რომ ვისაც კი ინტერესი ექნება ჩვენი ხელისუფლების საწინააღმდეგო ყოველთვის მოარგებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებითაც შეიძლება საზოგადოებაში იყოს შიში, რომ არ არსებობს ჩვენთან სასამართლო. დროა ხალხმა გადავწყვიტოთ, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო",-განაცხადა რამიშვილმა.

პროკურატურისთვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მკვლელობის მომზადების ნაწილში მოულოდნელი არ ყოფილა.

„რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარდგენილი გვქონდა.გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“,-აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.