პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა და პოლიტიკური შეფასებები

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვრიკაშვილის განცხადებას, რომლითაც ის რუსეთის ხელისუფლებას მძიმე ვითარების დასაძლევად, ერთობლივი დიალოგისკენ მოუწოდებს, არაადეკვატურს უწოდებს.

ხუხაშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკური მულტფილმის გმირად ჩამოყალიბდა და მისი განცხადების სერიოზულად აღქმა  შეუძლებელია.

ამასთან, ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადება პოლიტიკური კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია:

„არის ასეთი მულტფილმი კატა ლეოპოლდზე -  საერთოდ, კატა ლეოპოლდი ყველას მოწუდებს, მოდით ვიმეგობროთ, მიუხედავად იმისა, რომ ხან აქედან ეფოთინებიან და ხან იქედან. სამწუხაროდ, კვირიკაშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა პოლიტიკური მულტფილმის გმირად, ამიტომ, სერიოზულად მისი განცხადებების აღქმა უკვე შეუძლებელია. ჩვენ შეიძლება ბევრი კეთილი სურვილი გქვქონდეს და სუფრაზე დაშლა არ მოშლის სადღეგრძოელებიც დავლიოთ, მაგრამ ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასევე არ აქვს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი ამ  აბსულუტურად ილუზიურ და ფუჭ განცხადებას, რაც ჩვენ ვნახეთ. ასეთი მულტფილმის გმირი პრემიერ-მინისტრი გვყავს სამწუხაროდ“,-ამბობს გია  ხუხაშვილი.

რა გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან? გია ხუხაშვილის შეფასებით, რუსეთი დიალოგზე წამოვა, თუმცა არ ფიქრობს, რომ  გიორგი კვირიკაშვილი უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გასახსნელად მზად არის:

„რუსეთს ეს გაუხარდება, ესიამოვნება, რა თქმა უნდა,მოდი, ბიჭო, მოდი, მოდი, დამიჯექი ერთი მელაპარაკეო ეტყვის.შემდეგ როგორ დაუჯდება და როგორ დაელაპარაკება, ეს იქნება ძალიან საინტერესო. რუსეთი  ყოველთვის მზად არის, ასე ვთქვათ, გულში ჩაიხუტოს  ასეთი ლეოპოლდები, როგორიც კვირიკაშვილია, თვითონ იქნება ამისთვის მზად? ის, რომ მოუწოდებს, ეს ნიშნავს, რომ  მზად არის, გახსნას მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე. მზად არის ამისთვის კვირიკაშვილი? მე ეჭვი მეპარება, რომ მზად არის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე  პრემიერ-მინისტრის განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მეტი განმარტებებია საჭირო.

გოცირიძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ხმამაღლა  ითხოვდეს რუსეთის დასჯას, პრემიერი  რუსეთს ურთიერთობების დასათბობად ახალი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

რომან გოცირიძის შეფასებით, ეს პოლიტიკა ძალიან დამაზიანებელია:

„ეს განცხადება არის ბუნდოვანი და პრემიერ-მინისტრმა უნდა განმარტოს, თუ რა იგულისხმება მის უკან იმიტომ, რომ როდესაც პარლამენტში მზადდება ძალიან მკაცრი  რეზოლუცია, ხდება დაგმობა  რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების გატაცების, მკვლელობის, ადამიანის უფლებების შელახვის, როდესაც აგრძელებს რუსეთი ამ რეგიონთან მიმართებაში თავის აგრესიულ პოლიტიკას, ნაცვლად იმისა, საქართველო ითხოვდეს მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ხმამაღლა რუსეთის დასჯას, ტერიტორიის ოკუპაციის გამო, სანქციებში საქართველოს მიერთებას, მხილებას რუსეთი ქმედებისას  საერთაშორისო არენაზე,პრემიერი  რუსეთს მოუწოდებს, რაღაც ახალი ნაბიჯის გადადგმისკენ, ურთიერთობების დასათბობად. ეს არის სწორედ იმ უკიდურესად დამაზიანებელი  პოლიტიკის გაგრძელება, რაც  ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იყოს  განხეთქილების საბაბი დასავლეთსა და რუსეთს შორი. ამ კონცეფციის უარყოფით შედეგებს ვიმკით დღემდე“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, პრემიერის განცხადება ურთიერთობების სხვა საფეხურზე გადაყვანაზე მიუთითებს და, სავარაუდოდ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც კი გულისმხობს.

„ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ იმეორებს იმ შეცდომას, რომლის უარყოფით შედეგებსაც ვიმკით ეს 5 წელი წელიწადია.რომ რუსეთთან არის საუბარი  მკაცრი, პრინციპული პოზიციიდან, დასავლეთის გამოყენებით და არა საქართველოს ინტერესების საზიანოდ, რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. მორიგი დათბობის პოლიტიკის გატარება“,-აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატის აზრით, „პრემიერის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ  მიიღო სიგნალი, რომ საქართველო, ფაქტობრივად, ახდენს კაპიტულაციას მის წინაშე და იგი  არ აპირებს ბრძოლას“.

„ განსხვავებით უკრაინისგან საერთაშრისო არენაზე მაშინ, როდესაც უკრაინა ითხოვს, მაქსიმალურად იყოს დასჯილი რუსეთი თავისი ასეთი აგრესიული პოლიტიკის გამო“,-განაცხადა რომან გოცირიძემ და აქვე განმარტა, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება მთლიანად  ეწინააღმდეგება პარლამენტში მომზადებული რეზოლუციის სულიკვეთებას.

„არ არის გამორიცხული, პარლამენტმა ისეთი რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც არ იქნება ასახული რაიმე ქმედითი ნაბიჯები. არც ისაა გამორიცხული, მთავრობამ, რეალურად ივანიშვილმა აიძულოს პარლამენტი, რომ ხელი აიღოს რეზოლუციის მიღებაზე“,-ამბობს რომან გოცირიძე.

„ზოგადად ის, რომ ხელისუფლებას მოუწოდო, ჩაერთოს ამ პროცესში, შეიძლება ლოგიკურია, ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს გააჩნია. სწორედ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, ალბათ, ქმედითად ჩაერიოს ამ საკითხში(ტატუნაშვილის გადმოსვენება)“,-ასე გამოეხმაურა კიდევ ერთი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომ რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯები გადადგან.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯი გადაიდგას, შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის მცდელობაა. თუმცა გიგი წერეთელისთვის უცნობია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას:

„ზოგადად ის, რომ ხელისუფლებას მოუწოდო ჩაერთოს ამ პროცესში, შეიძლება ლოგიკურია, ბუნებრივია, ეს არის რუსეთის პასუხისმგებლობა და არა ვინმესი, კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს გააჩნია და სწორედ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, ალბათ, ქმედითად ჩაერიოს ამ საკითხში, რომელმაც მიიღო სრულიად ამორალური ფორმა და ყველანაირი წითელი ხაზები გადაიკვეთა, როდესაც უკვე ამდენი ხანია ხდება ამ პროცესის გაჭიანურება და გარდა იმ მძიმე დანაშაულისა, რაც მოხდა, ადამიანის მკვლელობის თვალსაზრისით, ჩვენი თანამემამულის, უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რომელიც მძიმეა აღსაქმელად, გადმოსვენების პრობლემა მაქვს მხედველობაში. საქართველოს ხელისუფლებაში მიღებული გადაწყვეტილება, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგას, ვფიქრობ, არის ბოლო რაღაც მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და რას მოიტანს ვერ გეტყვით, ზუსტად ამის თქმა ძნელია. არსებობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება, საერთაშორისო ზეწოლა, თუმცა რუსეთი ყოველთვის ცდილობს, დაანახოს, რომ მასზე დიდად ეს არ ჭრის, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ ამ ზეწოლისგან, თუ სანქციებისგან საკმაოდ მძიმე შედეგს. ერთია, რომ არ შეიმჩნიო, მაგრამ მეორეა,რეალურად რაც ხდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო აზრის მობილიზებას და ზეწოლას რუსეთზე“,-განაცხადა გიგი წერეთელმა და აქვე დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს რუსეთზე ზეწოლის უფრო ქმედითი მექანიზმები ჰქონოდა: „კარგი იქნებოდა, ბუნებრივია, რომ ჩვენ უფრო ქმედითი მექანიზმები გვქონოდა და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულიყო უფრო აქტიური ზეწოლის მექანიზმი, შეეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებას, თუ სხვა ფორმატებს, მაგრამ დღეს არ შემიძლია ვთქვა, რო პრემიერს არ ჰქონდა ამის უფლება, პირიქით შეიძლება უფრო მკაცრად, პრინციპულადაც მიეთითოს რუსეთის ხელისუფლებას იმ ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობაზე, რომელიც თავად აქვს აღებული, სწორედ 12 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების პუნქტები რომ შესრულებულიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს სხვაგვარი ვითარება იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის მძიმე შედეგები არ იქნებოდა სახეზე. ვნახოთ, მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველა ღონეს მიმართოს, რადგან ბუნებრივია, მთავარი ასე ვთქვათ ფიგურანტი ხელისუფლებაა, სწორედ გარკვეული ვადებიც დასახელდა, საპატრიარქოც ჩაერია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, პროცესი ოდესღაც დამთავრდება, მაგრამ როდის იქნება და რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, ამაზეა ახლა საუბარი. ვნახოთ, გასაგებია, რომ არის მიმართვაში ასევე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს პროცესი და მოლაპარაკებები და სხვა ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იმას, რომ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, მაგრამ რუსეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მოლაპარაკებების პროცესში, მაქსიმალურად ყოველთვის მოიგოს დრო და რეალურად შეასრულოს თავისი სტრატეგიული ამოცანა, რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვნახოთ, რა პასუხი იქნება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს, ყოველდღიურად ალბათ ჩვენ დაგვჭირდება მომატება იმ ზეწოლის რუსეთზე, და ბუნებრივია სეპარატისტებზე იმისათვის, რომ ამ მომენტისთვის ეს პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს, რაც ეხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ადამიანების გათავისუფლებას, ამის შემდეგ უკვე ძალიან მიზნობრივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პრევენცია მოხდეს ამგვარი ფაქტების. სწორედ ამიტომ იყო შეთავაზებული ის ქმედითი მექანიზმი, რაც შესაძლებელია, რომ სამომავლოდ სწორედ პრევენციის ერთ-ერთი საშუალება გახდეს, რაც ეხება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და იქ ფიგურანტების სანქცირებას“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე  პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მან რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, დადებითად აფასებს.

იგი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის აღნიშნული ნაბიჯი ძალიან დროული და საჭირო იყო.

უმრავლესობის დეპუტატის განმარტებით, ამით საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არ ამბობს.

"ნემისმიერი კონფლიქტის და საომარი ვითარების დროსაც კი, მაღალი დონის ადამიანის განცხადება, რომ ის მზად არის დაელაპარაკოს ვისაც საჭიროა რათა ვითარება შედარებით შემსუბუქდეს - ეს არის ყველგან მიღებული ნორმა. ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და რამეზე უარის თქმას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები იჩაგრებიან ამ კონფლიქტების გამო და შესაძლოა, ორივე მხარემ იფიქროს იმაზე, რომ არ მოხდეს ასეთი ვითარება. ყოველშემთხვევაში ეს არის ძალიან გაბედული პირველი ნაბიჯი და ხშირ შემთხვევაში პირველ ნაბიჯს გადადგამენ ასეთ დროს ისინი, ვინც დარწმუნებულებია თავის სიმართლეში. ჩვენ და პრემიერი დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები - ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები, პრემიერი მზადაა, უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში ჩაერთოს ჟენევის ფორმატში", - განაცხადა მაღრაძემ.

გუგული მაღრაძემ უპასუხა რომან გოცირიძის განცხადებასაც, რომლის თანახმადაც, პრემიერის ამ განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ საქართველო მის წინაშე კაპიტულაციას ახდნეს.  დეპუტატმა შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა:

"ოპოზიციამ იმას მოუაროს 2008 წელს რა ქნეს და მათი ბრალია, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში ვართ. დაკონსერვებული კონფლიქტი, რომელიც არ არის გადაჭრილი, მაგრამ არც დამთავრებული არ არის ტერიტორიების წაგლეჯვა, გაცილებით უკეთეს სიტუაციას იძლევა კონფლიქტების მოსაგვარებლად ვიდრე ის ვითარება, რომელშიც ჩვენ დავდექით 2008 წლის ომის შემდეგ. ოპოზიციას ამ მხრივ სათქმელი ნამდვილად არ აქვს. მიმაჩნია, რომ პრემიერმა რაც გააკეთა - ეს არის ძალიან გაბედული და კარგი ნაბიჯი. ამას ძალიან დადებითად ხვდება მსოფლიო თანამეგობრობა, იმიტომ, რომ მიუხედავად გამწვავებული სიტუაციისა - ტრამპი და ჩრდილოეთ კორეაც კი ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეებია. ჩვენ ფუჭი ვაჟკაცობები და პატრიოტიზმი გვერდზე უნდა გადავდოთ და გამოვიდეთ იქიდან, რაც მეტ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას და საზოგადოებას. პრემიერი არ ამბობს, რომ ცალკე ხვდება რუსეთის პირველ პირს და ელაქუცება, ის ამბობს, რომ ჟენევის ფორმატში უმაღლესი დონის წარმომადგენლობის ჩართვაზეა საუბარი", - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

რემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ხელისუფლებას მიმართავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური  რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს:

„მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა  ქართველი ხალხის ცნობიერებასა და  საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.

გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირები.   მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა.

ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად.

ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის.

მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.