„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს თანამდებობიდან გადადგომას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის რუსეთის ფედერაციას მიმართავს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "გუშინდელი განცხადება კრიტიკული ნიშნულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში".

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ საგანგაშოა როგორც ამ განცხადების შინაარსი, ასევე მისი გავრცელების დრო.

"ნაცვლად იმისა, აღიაროს მაამებლობისა და თავის დახრის 6-წლიანი პოლიტიკის სრული კრახი და ახლა მაინც გადადგას ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების დასაცავად; ნაცვლად იმისა, გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობის პოლიტიკა იყო უმძიმესი დანაშაული და ახლა მაინც გაუსწოროს თვალი რეალობას; ხელისუფლება რუსეთს ახალ, კაპიტულანტურ დათმობებს სთავაზობს. საუბარია ოკუპანტის სტატუსის მოხსნაზე და შუამავლის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია. ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წახალისებას ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. პრემიერი საუბრობს გაურკვეველ „ტრაგიკულ მოვლენებზე" - თითქოს ეს მოვლენები თავისით და არა ოკუპანტის ნებით ხდება, რომელსაც უკვე 6 წელია უსიტყვოდ ემორჩილება „ოცნების" ხელისუფლება. პრემიერი საუბრობს იმაზე, თითქოს „ვერ ხერხდება" არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, რაც თავის მოტყუება და ჭირისუფლის შეურაცხყოფაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ოკუპანტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც საბედნიეროდ ასე არ არის. ორმაგად დამამცირებელია, რომ რუსეთი არათუ სერიოზული პასუხის ღირსად არ მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ თავისი მარიონეტების პირით დასცინის მას და მთლიანად საქართველოს. დღეს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ ოცნების ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა. მიგვაჩნია, რომ:

1.     კვირიკაშვილის განცხადება ნერგავს უმწეობისა და უიმედობის განცდას, რაც დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე და წინაპირობაა ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფისა. რუსეთისათვის შუამავლის სტატუსის შეთავაზება ღალატის ტოლფასია. ამ განცხადების გამო კვირიკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს და დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

2.     საქართველოს ყავს მებრძოლები, რომლებიც წლების მანძილზე იცავდნენ ჩვენს მოსახლეობას და შიშის ზარს სცემდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოთარეშე მკვლელებს. ივანიშვილის რეჟიმს ეს მებრძოლები ციხეში ყავს გამოკეტილი. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო არ დანებდება უიმედობას და აუცილებლად დაამარცხებს რუსულ ბოროტებას, რომლის მთავარი მოკავშირე დღეს ხელისუფლებაშია მოკალათებული", - ნათქვამია განცხადებაში.