ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებულები არიან

ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებულები არიან და საკუთარ სახლებში იმყოფებიან.

ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში  გუშინ შეხვდა.

„გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება",-აღნიშნა კახა საბანაძემ.

მისივე თქმით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში მოხდეს“,-აღნიშნა კახა საბანაძემ.