რა იგულისხმება "სივრცეში", რომელიც პრემიერმა დღევანდელ განცხადებაში ახსენა-ქეთევან ციხელაშვილის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადებას  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ბევრი რამ მისაღები არ იყო, თუმცა „ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის“:

„მინდა აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ, რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიძლება მისაღები არ იყოს ამ პასუხში, ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას, არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართელოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე ჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა, აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„სივრცეში, რომელიც დღეს პრემიერმა ახსენა, იგულისხმება ის, რომ ქართული მხარე კვლავ მზად არის, გააგრძელოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც არის რუსეთთან ამ საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატი“,-ასე განმარტა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის.

ციხელაშვილი იმედს გამოთქვამს,  ჟენევის ფორმატში რუსეთის მონაწილეობა კონსტრუქციული იქნება. ამასთან, ციხელაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ღიად განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე და ეს მიდგომა არ შეიცვლება:

„სივრცეში, რომელიც დღეს პრემიერმა ახსენა, იგულისხმება ის, რომ ქართული მხარე კვლავ მზად არის, გააგრძელოს კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, როემლიც არის რუსეთთან ამ საკითხებზე მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატი. იმედს გამოვთქვამთ, რომ რუსეთის მონაწილეობა იქნება კონსტრუქციული, რადგან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგი უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იქიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას რუსეთის მხრიდან და ამ მიმართულებით გონივრული გამოსავლის მოძიებისკენ ნაბიჯების გადადგმას.ამ განცხადებაში, მათ შორის ხაზი გაესვა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგებისათვის ფაქტობრივად წინაპირობაა ის, რომ დაძლეული იქნას მთავარი გამოწვევა, მოგვარებული იქნას კონფლიქტი, რაც წარმოადგებს ჩვენი სახელწმიფოს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას იმიტომ, რომ ეს განცხადება გაკეთებულია ყველას საყურადღებოდ, ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრიბის საყურადღებოდაც, ეს არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის ღია განაცხადი, ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას, ჩვენი დღის წესრიგი არის კონსტრუქციული და ამავდროულად ძალიან პრინციპული იმასთან დაკავშირებით,რომ ვერ შევურიგდებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის ხელყოფას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებული“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას 12 მარტს უპასუხეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ რუსეთი როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით.

"რუსეთი მზადაა იმდენად წინ წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზადაა თბილისი. კვირიკაშვილის მიერ ნახსენები ჟენევის დისკუსიის პროგრესისკენ სწრაფვა, აჩენს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის თვეში, შემდეგი რაუნდის დროს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სხვა მოლაპარაკებებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წარუძღვება საქართველოს დელეგაციას ჟენევაში. არ შეიძლება არ მივესალმოთ სწრაფვას პირდაპირი დიალოგისადმი აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთის წამრომადგენლებთან. სწორედ ესაა იმ საკითხების დარეგულირების რეალური გზა, რომელიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ჩარჩოებს მიღმა არსებობს.ეს ეხება, კერძოდ, სამწუხაროდ მომხდარ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე ა. ტატუნაშვილთან დაკავშირებით“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა 9 მარტს განცხადება გაავრცელა, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა. განცხადებაში მთავრობის მეთაური რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე საუბრობს.