ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში მყოფი მოზარდი მოინახულა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვვეისას დაშავებული მოზარდი მოინახულა. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი თავს  ნორმალურად გრძნობს და მას რაიმე სერიოზული დაზინება არ აღენიშნება:

„საბედნიეროდ ბავშვი არის ნორმალურად, მე ვესაუბრე მკურნალ ექიმსაც, მშობლებსაც, ბავშვსაც, ის გადაადგილდება თავისი ფეხით, ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება, ტრავმა. მაინც ჩვენი სურვილიც და ექიმის რეკომენდაციაც არის ის, რომ ჩაუტარდეს ყველა სიღრმისეული გამოკვლევა, რათა აბსოლუტურად  ყველანაირი დაზიანება  გამოირიცხოს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამასთან, ციხელაშვილის მტკიცებით, მისი  აპარატის კუთვნილი ავტომობილი, რომელიც 12 წლის მოზარდს დაეჯახა, გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა. ციხელაშვილი ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და ამბობს, რომ ყველა გამოძიების შედეგებს უნდა დრელოდოს:

„რაც შეეხება ინციდენტს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ჩართულია მძღოლიც. სიჩქარე არ იყო გადაჭარბებული და მოძრაობის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.