მერმა ლევან კობიაშვილს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს იმავე მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა.

მისი თქმით, თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სანახავი იყო.

„რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა.